AMT BUCK UP .45 ACP

1978 წელს ამერიკულმა კომპანიამ Ordnance Manufacturing Corporation (OMC) შეიმუშავა .380 ACP (9x17mm Kurz) ტიპის ვაზნაზე გათვლილი მცირეგაბრიტიანი პისტოლეტი სახელწოდებით ОМС BACK UP. სახელწოდებიდან გამომდინარე კომპანიამ აღნიშნული პისტოლეტი ბაზარზე დააპოზიციონერა  როგორც სარეზერვო (დამატებითი) იარაღი. იმ შემთხვევაში თუ სამართალდამცავს ან უბრალოდ მოქლაქეს ბოროტმოქმედთან შეტაკების დროს/თავდაცვის დროს უმტყუნებდა ძირითადი (როგორც წესი სრული ზომის) ცეცხლსასროლი იარაღი, ან ვაზნები გაუთავდებოდა, ან რაიმე მიზეზით ხელიდან გაუვარდებოდა იარაღი და გახდებოდა ხელმიუწვდომელი, მას ჰქონდა დამატებით მეორე (როგორც წესი შედარებით მცირეგაბარიტიანი) იარაღი, რომელსაც გამოიყენებდა სარეზერვო პისტოლეტის სახით. ძირითადად ასეთი იარაღის ამპლუაში არჩევდნენ ისეთ იარაღს, რომელიც გამოდგებოდა ფარულად სატარებლად. ხშირად მას ატარებდნენ ფეხზე დასამაგრებელი შალითით (კაბურით) ან პირდაპირ ედოთ ჯიბეში.

ОМС BACK UP .380 ACP ტიპის ვაზნაზე. იგი აღჭურვილი იყო როგორც დროშისებური მცველით, ასევე სახელურის საზურგეზე განლაგებული კლავიშისებური (ე.წ. ავტომატური) მცველით, რომელსაც მსროლელი სახელურზე ხელის მოჭერით თიშავდა

პისტოლეტის გამოსვლიდან ძალიან მალევე მისი წარმოების უფლება მთლიანად შეიძინა ამერიკულმა კომპანიამ Arcadia Machine & Tool (AMT) შესაბამისად პისტოლეტის წარმოება გაგრძელდა აღნიშვნით „AMT Back up“. აქვე ცნობისთვის ვიტყვი რომ კომპანია „Arcadia Machine & Tool“ (AMT) აწარმოებდა ლეგენდარულ პისტოლეტს „AUTO MAG“ და M1911 პლატფორმის პისტოლეტების საკმაოდ დიდ ასორტიმენტს.

კომპანიამ Arcadia Machine & Tool (AMT) გააგრძელა პისტოლეტის „AMT Bac kup“ სამოდელო ხაზის განვითარება, რაც გულისხმობდა სხვადასხვა კალიბრის ვაზნებზე გათვლილი ვარიანტების წარმოებას. კომპანიის ერთერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა ამერიკის ბაზარზე პოპულარულ .45 АСР ტიპის ვაზნაზე მომუშავე მოდელის შექმნა, რომელსაც ექნებოდა .380 ACP კალიბრის მოდელზე ოდნავ უფრო მოზრდილი ჩარჩო, თუმცა ამავდროულად საკმაოდ მცირე გაბარიტები. თავის მხრივ ეს პისტოლეტი უნდა გამხდარიყო იმ დროისთვის „ყველაზე პატარა“ თვითდამტენი პისტოლეტი .45 АСР კალიბრის ვაზნაზე. აღნიშნულ ვაზნას აშშ-ში ჰყავდა საკმაოდ ბევრი „მიმდევარი“ ვინც თვლიდა რომ სხვა უფრო მომცრო კალიბრის ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტები თავდაცვის მიზნით არასერიოზულ მოთამაშეებს წარმოადგენდნენ. ზემოაღნიშნულიდან გამოდმინარე ამ მოსაზრების მიმდევრები ძირითადად შეიარაღებულნი იყვენენ .45 АСР კალიბრის ვაზნაზე მომუშავე სრული ზომის M1911 პლატფორმის პისტოლეტებით.

„AMT BACK UP“ .45 ACP

ასე ჩნდება აშშ-ს ბაზარზე „AMT BACK UP“ გათვლილი .45 АСР ტიპის ვაზნაზე. მისი ავტომატიკა მუშაობდა ლულის მოკლე სვლის პრინციპით. გასროლის დროს ლულა და საკეტი ერთმანეთზე გადაბმული გაივლიდა 0.1 ინჩის (2,54 მმ), რის შემდეგაც ლულის სახაზინო ნაწილი იხრებოდა ქვემოთ და ათავისუფლებდა საკეტს. საკეტი თავის მხრივ ინერციით აგრძელებდა უკან გადაადგილებას და ასრულებდა ავტომატიკის ციკლს.

M1911-ის პლატფორმისგან განსხვავებით AMT BUCK UP -ის ლულას ჰქონდა ერთი დიდი წრიული ჩანაჭდევი რომელის მეშვეობითაც ხდებოდა ლულის და საკეტის ერთმანეთზე გადაბმა (შეჭიდება). აქვე აღნიშვნას იმსახურებს ისიც, რომ საკეტის ცხვირზე არ არის М1911 -ისთვის დამახასიათებელი ლულის დამჭერი (ე.წ. barrel bushing). მის მაგივრად ლულის ბოლოში შესრულებულია ფიგურული გაფართოვება, რომელიც ახდენს ლულის ცენტრირებას საკეტის ცხვირთან

პისტოლეტს არ ჰქონდა მცველი, მაგრამ იყენებდა საკმაოდ მძიმე მხოლოდ ორმაგი მოქმედების ე.წ. Double-Аction Оnly (DAO) ტიპის სასხლეტს, რომელზეც დაწოლის ძალისხმევა შეადგენდა 7.7კილოგრამს (17lbs.) (რიგ წყაროებში გხვდება ინფორმაცია, რომ მფლობელები არბილებდნენ სასხლეტს და ჩამოჰყავდათ დაახლოებით 5,67-5,98 კილოგრამამდე). ჩახმახს არ ჰქონდა კუდი და მთლიანად იმალებოდა საკეტის უკანა ნაწილში.

ვინაიდან პისტოლეტის გამოყენება მოხდებოდა ახლო დისტანციაზე (როგორც ამერიკაში უწოდებენ „face-to-face confrontation“), მას არ ესაჭიროებოდა სრულფასოვანი სამიზნე მოწყობილობები. სამიზნე მოწყობილობის როლს ასრულებდა საკეტ-გარსაცმის ზემოდან გრძივად შესრულებული ღარი. ამგვარი გადაწყვეტილებით პისტოლეტის სწრაფად ამოღებისას სამიზნე მოწყობილობები არ წამოედებოდა ტანისსამოსს, ან ბუდეს (შალითას), რაც უზრონველყოფდა იარაღის სწრაფ მომარჯვებას.

თუ დავაკვირდებით მასრის ამოსაგდები ფანჯარას საკეტ-გარსაცმზე იგი შესრულებულია საკმაოდ დიდი არკისებური ჭრილის სახით, რაც თეორიულად ზრდიდა მასრის ამოგდების საიმედოობას. აქვე ჩანს ლულის სავაზნის ნაწილთან შესრულებული ნასვრეტი. თუ სავაზნეში იდო ვაზნა, აღნიშნულ ნასვრეტში ჩახედვით შესაძლებელი იყო მასრის კუდის დანახვა, რაც  ასრულებდა სავაზნეში ვაზნის არსებობის ერთგვარი ინდიკატორის დანიშნულებას.

პისტოლეტს არ ჰქონდა საკეტის შემაკავებელი მექანიზმი და ბოლო გასროლის დროს საკეტი არ რჩებოდა ღია მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე კონსტრუქციაში არ გამოიყენებოდა საკეტის დამშვები ბერკეტი.

იარაღის დეტალების უმეტესობა (საკეტის და ჩარჩოს ჩათვლით) დამზადებული იყო უჟანგავი ფოლადისგან. პისტოლეტის ვაზნებით კვება ხდებოდა 5 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდით. მჭიდის დაფიქსირება სახელურში რეალიზებული იყო ე.წ. „ევროპული სტილით“ ანუ სახელურის ქვემოდან შესრულებული ღილაკ-ფიქსატორის მეშევეობით.

მთლიანობაში პისტოლეტის კონსტრუქცია გამოირჩეოდა სიმარტივით და მასში გამოყენებული დეტალების რაოდენობა შეადგენდა 31 ცალს. ამავდრულად იარაღს ჰქონდა საკმაოდ მცირე გაბარიტები. კერძოდ: საერთო სიგრძე 145მმ, სიმაღლე 104მმ ხოლო სიგანე (სისქე) 25,4მმ. ამას ემატებოდა ისიც რომ პისტოლეტს არ ჰქონდა გარეთ გამოწეული ზედმეტი დეტალები, ხოლო მისი კუთხეები კარგად იყო გადამრგვალებული. 

რაც შეეხება ერგონომიულობას, შეიძლება ითქვას, რომ იგი შეეწირა პისტოლეტის მცირე გაბარიტებს. სახელური იყო ზედმეტად მოკლე, რაც დიდი ხელის შემთხვევაში ართულებდა იარაღის კომფორტულ ჭერას. მცირე წონის და მოკლე სახელურის გამო .45 ACP ტიპის ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტის უკუცემა იყო საგრძნობლად მაღალი, რაც ართულებდა სროლისას პისტოლეტის „მოთოკვას“. არის ეს ყველაფერი სერიოზული ნაკლი ამ ტიპის პისტოლეტისთვის? ალბათ არც ისე დიდი ნაკლია, რადგან ამ პისტოლეტის დანიშნულება იყო ახლო დისტანციიდან ცეცხლის გახსნა და არა ზუსტი სროლა.

აღსანიშნავია, რომ სახელურის და ჩარჩოს მარჯვენა გვერდის გასაყარზე, სადაც ჩამონტაჟებულია დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის გარკვეული დეტალები  არის ნახევრად ღია მდგომარეობაში. შესაბამისად პისტოლეტის ვიზუალური დათვალიერებისას თვალში გვხვდება სასხლეტის ღერძი და მასზე მიმაგრებული მიმწოლ-გადამცემი ბერკეტი. სხვადასხვა წყაროებს თუ დავუჯერებთ ასეთი კონსტრუქციული გადაწყვეტილება იწვევდა იარაღის მოყვარულთა წრეებში გარკვეულ ნეგატიურ შეხედულებას. ბევრი ამბოდა, რომ ეს იყო პისტოლეტის „აქილევსის ქუსლი“. მათი აზრით ამ ადგილას დაგროვდებოდა ჭუჭყი და მოხდებოდა სასხლეტი მექანიზმის დაბინძურება რაც თავის მხრივ საპასუხისმგებლო მომენტში გამოიწვევდა მტყუნებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ პისტოლეტმა რამოდენიმეჯერ შეიცვალა მწარმოებელი. თავდაპირველად AMT, შემდეგ AMT გაბანკროტდა და პისტილეტის წარმოება გააგრძელა კომპანიამ Galena Industries Inc, 2001 წელს  ეს კომპანია შეიძინა Crusader Gun Company-მ (შემდგომში High Standard Manufacturing) რომელმაც 2004 წლიდან დაიწყო პისტოლეტის წარმოება. ბუნებრივია მწარმოებლის ცვლილება და საწარმოო ხაზის გადასვლა ერთი ხელიდან მეორეში გარკვეულ წილად ნეგატიურად აისახებოდა პისტოლეტის ხარისხზე.

ფოტოზე გამოსახულია Galena Industries Inc-ის მიერ დამზადებული .45 ACP კალიბრის ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტი BUCK UP

სხვადასხვა ცნობარების თანახმად პისტოლეტის საცალო ღირებულება 80-ანი წლების ბოლოოს და 90-ანი წლების დასაწყისში შეადგენდა 399.99$-ს. პისტოლეტები იყიდებოდა შავი ფერის პლასტმასის ყუთით, რომელზეც შესრულებული იყო კომპანიის სავაჭრო ლოგოტიპი.

თავის დროზე „AMT Backup“-ს ჰყავდა გარკვეული მიმდევრები, თუმცა მთლიანობაში მას უფრო მეტად ნეგატიურად აფასებდნენ ხისტი უკუცემის, მძიმე სასხლეტის და ზედმეტად მოკლე სახელურის გამო. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის რომ პისტოლეტმა კომერციულად ვერ გაამართლა და მისი გაყიდვები იყო მინიმალური.

1995 წელს ჟურნალ „Soldier of Fortune“-ში დაიბეჭდა ლეგენდარული პიტერ კოკალისის სტატია რომელიც ეხებოდა .45 ACP კალიბრის „AMT Backup“-ის ტესტირებას. პიტერ კოკალისმა პისტოლეტიდან სხვადასხვა მწარმოებლის და სხვადასხვა ფორმის ტყვიით დამუხტული 500 ცალი ვაზნა გაისროლა იმისთვის რომ შეემოწმებინა პისტოლეტის საიმედოობა. თავდპირველად პისტოლეტმა აჩვენა 2 შეფერხება. შეფერხება მდგომარეობდა შემდეგში: საკეტი არ მივიდა ბოლომდე და დასჭირდა ხელის წარტყმა. ამის შემდეგ არანაირი შეფერხება არ განმეორებულა. პიტერ კოკალისმა ასევე შეამოწმა პისტოლეტის სიზუსტე 7 იარდზე (6,4 მეტრი) სროლით და მისი აზრით პისტოლეტის სიზუსტე ამ დისტანციაზე იყო სავსებით დამაკმაყოფილებელი. მთლიანობაში პიტერ კოკალისის დასკვნა იყო პოზიტიური.

დღეს იარაღის ბაზარზე პოლიმერული პისტოლეტები ბატონობენ და უამრავი ალტერნატივაა საბკომპაკტურ პისტოლეტებში, რომლებიც თავის მახასიათებლებით და ერგონომიულობით გაცილებით მაღლა დგანან  ვიდრე „AMT Backup“, თუმცა როგორც 80-ანი წლების ისტორიული იარაღი ის ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას და მეც „ვალდებულად“ ჩავთვალე თავი რომ ორიოდე სიტყვა მაინც დამეწერა მასზე.

No comments:

Post a Comment