Springfield M1911 MIL-SPEC მფლობელის თვალით

იარაღის ინდუსტრიაში ცეცხლსასროლი პისტოლეტების სამოქალაქო ბაზარი თავის მხრივ ერთგვარ „მსუყე ლუკმას“ წარმოადგენს და ბუნებრივია ახალი არ იქნება ვთქვათ, რომ სხვადასხვა პისტოლეტებს შორის ერთერთი გავრცელებული პლატფორმა ჯონ მოზეს ბრაუნინგის ლეგენდარული М1911-ია. ამ პლატფორმის ფანატებს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შევხვდებით, თუმცა მოტრფიალეთა ყველაზე დიდი რაოდენობა, ალბათ მაინც მის სამშობლოში ამერიკის შეერთებულ შტატებში გვხვდება. შესაბამისად ამერიკული კომპანიები მრავლად აწარმოებენ ამ პლატფორმის გარკვეულ მოდელებს, ვარიაციებს და სხვადასხვა შესრულებებს. არსებობენ კომპანიები რომელთა სახელი შეიძლება არაა ფართო წრეებისათვის იმდენად ცნობილი, მაგრამ მათი პისტოლეტები ექსკლუზიური სახით მზადდება და ფასებიც შესაბამისად მაღალი აქვს. არსებობენ ცნობილი მწარმოებლები, რომლებიც გარდა ექსკლუზიური/ძვირადღირებული მოდელებისა ძირითად სერიული წარმოების 1911-ებს გვთავაზობენ სავსებით ხელმისავწდომ ფასში.  რათქმაუნდა ბაზარზე ასევე ოპერირებენ დაბალბიუჯეტური 1911-ის მწარმოებლებიც, რომელთა პროდუქციაც ხშირ შემთხვევაში ვერ უძლებს კრიტიკას, ან ბანალურად რომ ვთქვათ „ნაგავია“.

პირადად მე როგორც „ძველი სკოლის“ და რეტრო იარაღის მოყვარულს, ბავშვობიდან ოცნებად მაქვს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ავთენტური COLT M1911 A1 და კიდევ უფრო ადრეული COLT M1911, თუმცა ეს პისტოლეტები ჩვენს ქვეყანაში ნაკლებადაა გავრცელებული და თუ შეგხვდა ძირითადად სავალალო მდგომარეობაშია (დაღლილი მეტალით, დაღლილი ზამბარებით, კოროზირებული დეტალებით) და ამავდროულად ცეცხლის ფასი ადევს. სწორედ ზემოაღნიშნულის გამო უკვე წლებია M1911 ერთგვარ აუსრულებელ ოცნებად მაქვს. არა ერთხელ მიფიქრია იმაზე, რომ შემეძინა რომელიმე თანამედროვე მწარმოებლის M1911, თუმცა ჩვენს ქვეყანაში წარმოდგენილ ასორტიმენტში ძირითადად ისეთი სახის ვარიანტები მხვდებოდა, რომელიც ნაკლებად იქცევდა ჩემს ყურადღებას. იმიტომ რომ უხარისხო იყო? იმიტომ რომ ცუდი რეპუტაციის მწარმოებლების მიერ იყო დამზადებული? არა. უარის მიზეზი არ ყოფილა ეს საკითხები. ჩემი მხრიდან უარის მიზეზი ყოველთვის იყო ის მომენტი, რომ ეს პისტოლეტები ზედმეტად თანამედროვე „ყაიდაზე“ დამზადებულ ვარიენტებს წარმოადგენდნენ, რომელშიც ბატონობს თანამედროვე სამიზნე მოწყობილობები მინაბოჭკოვანი შუქ შემგვროვებელი მილაკებით, ფართე მჭიდის მიმღებები (ე.წ. Magwell), სახელურის მცველის „კუზიანი“ პროფილი (ე.წ. Memory bump), მოგრძო „თახვის კუდი“ (ე.წ. Beaver tail), საკეტის წინა ნაწილში შესრულებული ნაჭდევები (ე.წ. Front serrations), რომელიც პრეს ჩეკისთვის გამოიყენება, ორმხრივი მცველები დიდი ფრთებით, ჩონჩხისებური სასხლეტები და ჩახმახები. რათქმაუნდა ზემოთ ჩამოთვლილი დეტალები ზრდის იარაღის ერგონომიულობას, ხდის პისტოლეტს უფრო პრაკტიკულს, უფრო კომფორტულს, მაგრამ... ეგ ყველაფერი საინტერესოა იმ ხალხისთვის ვინც პრაკტიკულად იყენებთ იარაღს, ხართ მსროლელები, ვარჯიშობთ და ცდილობთ ყოველდღიურად გააუმჯობესოთ სასროლოსნო უნარები. ჩემთვის კი ეგ ნიუანსები ამ ეტაპზე ნაკლებად საინტერესოა. ეგ ყველაფერი რომ საინტერესო იყოს ჩემთვის, მაგ შემთხვევაში საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომი პისტოლეტებიდან უთუოდ შევიძენდი Springfield TRP-ს და ალბათ მაგით დავიკმაყოფილებდი M1911-ის ჭიას. აქვე ავღნიშნავ, რომ შედარებით თანამედროვე არა ბოლომდე რეტრო ყაიდაზე დამზადეული 1911-ებიდან პირადად ჩემთვის ერთერთ საინტერესო პისტოლეტს წარმოადგენს ეგრეთწოდებული M45 MEUSOC. ნუ Cabot Guns-ის, Ed Brown-ის და მათი ანალოგიური სხვა კომპანიების მიერ დამზადებული 1911-ები კიდევ ცალკე სექტაა. ეს არის ფაქტიურად იარაღის როლს-როისები.

ბევრი რომ არ გავაგრძელო მე ყოველთვის ვერიდები გადავიხადო სიმწრით შეგროვებული ფული ისეთ ირაღში, რომელიც იქნება პრაქტიკული თვალსაზრისით საუკეთესო, მაგრამ თითქმის არანაირი „ისტორიული ღირებულებით“ და არა რეტრო/კლასიკური იერით. თქვენი ნებაა დამეთანხმოთ ან არ დამეთანხმოთ იმაში რასაც ახლა ვწერ, მაგრამ მაგ სცენარისთვისაც ყოველთვის მზად ვარ და ისიც ვიცი რომ არ მივეკუთვნები იმ ბანაკს რომელიც სუპერ ტაქტიკურ, ჩონჩხის თავიან, პიკატინის მიმმართველებიან და სუპერ „კასტომიზირებულ“ იარაღს დაეძებს. სამაგიეროდ მე შეიძლება დავეძებდე რაღაც კონკრეტულ დამღას იარაღზე, რაიმე კონკრეტული პერიოდის წარმოებულ იარაღს, ან კონკრეტულ მოდელში რაიმე უმნიშნელო ტექნიკურ დეტალს, რომელსაც პრაქტიკული გამოყენების კუთხით შესაძლოა არანაირი დატვირთვა არ ჰქონდეს.

საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი M1911-ებიდან ჩემს ყურადღებას იქცევდა ორი მოდელი. პირველ რიგში ეს იყო კომპანია კოლტის სამთავრობო მოდელები (ე.წ. 70-ანი სერია) “M1911 Classic” და კომპანია რემინგტონის მოდელი M1911 R1 ტრადიციული შესრულებით. 

ეს იარაღები გამოირჩევა რეტრო ვიზუალით და ისეთი კონფიგურაციით, რომელიც ყველაზე ახლოს აყენებს მათ ე.წ. ძველი „ყაიდის“ 1911-ებთან. ეს პისტოლეტები ახლაც მომწონს, თუმცა ამ პისტოლეტებიდან რომელიმეს შეძენაზე ჩემი მხრიდან უარის თქმის მიზეზი იყო საქართველოში მათი არარეალურად გაბერილი ფასი. ამ პისტოლეტების ღირებულება ჩვენთან 4700-5000 ლარში მერყეობს (ნუ მეორად ბაზარზე შეიძლება 4000 ლარშიც ნახოთ), მაშინ როდესაც აშშ-ში მათი საცალო ღირებულება 820-900$-ის ფარგლებშია. შესბამისად ამხელა თანხას არ გადავიხდი პისტოლეტში, რომელიც ჩვენთან ასე ძვირია და მაინც არაა ის, რაც ბოლომდე გამიხარებს გულს. ნუ იმაზე არაფერს ვამბობ, რომ ბოლო პერიოდში ორივე კომპანიის (კოლტის და რემინგტონის) როგორც M1911 პლატფორმის პისტოლეტების მწარმოებლების რეპუტაცია, არც თუ ისე კარგია.

მესამე პისტოლეტი რომელიც გამოჩნდა ჩვენს ბაზარზე და მიიქცია ჩემი ყურადღება გახლავთ ამერიკული კომპანია Springfield Armory-ს კლასიკური M1911. ეს პისტოლეტი გარკვეული პერიოდი იწარმოებოდა საკეტზე შესრულებული მარკირებით M1911 A1, ხოლო შემდგომ უკვე აღნიშვნით MIL-SPEC. ამ პისტოლეტებს მე ვიცნობდი ინტერნეტ რევიუებიდან/სხვადასხვა იუთუბ არხებიდან და იგი იწვევდა ჩემ სიმპატიას, პირველ რიგში იმით, რომ კლასიკური იერით გამოირჩევა, აქვს მისაღები ფასი და ამავდროულად კომპანია Springfield Armory-ს პროდუქციაც საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. რამოდენიმე ხნის წინ სწორედ ეს პისტოლეტები შემოიტანა მაღაზია აპაჩმა, თუმცა ისე მოხდა რომ მათი რაოდენობა იყო საკმაოდ მცირე, ფასი იყო ჩვენი ბაზრისთვის ყველაზე ადექვატური და სანამ დაიდებოდა დახლზე, რასაც ჰქვია ცხელი ღვეზელებივით დაიტაცეს. მაშინ ვერ მოვასწარი მისი რეალურად ნახვა. 

მაღაზია აპაჩის ვებ გვერდს იხილავთ აღნიშნულ ბმულზე გადასვლთ 

მცირე დროის გასვლის შემდეგ ამ პისტოლეტების ლიმიტირებული რაოდენობა ისევ ჩამოვიდა მაღაზია აპაჩში და მათი ღირებულება შეადგენდა 2540 ლარს (შავი ფერის პარკერიზებული შესრულებით), ხოლო 2920 ლარს უჟანგავი ფოლადის შესრულებით. სწორედ ამ პერიოდში შემთხვევით შესული მოულოდნელად გადავაწყდი დახლზე დადებულ Springfield M1911 MIL-SPEC-ს უჟანგავი შესრულებით. პისტოლეტის დაშლის/ვიზუალური დათვალიერების შემდეგ ჩემი ემოციური მდგომარეობა და შინაგანი ხმა მეუბნებოდა რომ უნდა შემეძინა ეს პისტოლეტი. თუმცა ავიღე 15 წუთიანი ტაიმ-აუტი, გამოვედი მაღაზიიდან, შორს არ წავსულვარ იქვე ჩამოვჯექი და დავფიქრდი შემდეგ საკითხებზე: არის ეს პისტოლეტი ის 1911 რომელიც გინდა? აქ ჩემი პასუხი იყო ორაზროვანი. კიც და არაც. რატომ ორაზროვანი? ამაზე დეტალურად სტატიის ქვემოთ ვისაუბრებ. პისტოლეტის დამზადების ხარისხით კმაყოფილი ხარ? ცალსახად კი! მეტსაც ვიტყვი არ მეგონა თუ ასე ხარისხიანად იქნებოდა დამზადებული. ფასი მისაღებია? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აშშ-ში ამ პისტოლეტების ფასი რაომოდენიმე წლის წინ შეადგენდა 680-690$, ხოლო დღეს მათი რეკომენდირებული საცალო ფასი (MSRP) აშშ-ში მწარმოებლის ვებ გვერდის თანახმად შეადგენს 809$-ს, მაშინ 2920 ლარი ჩვენი ბაზრისთვის და მოცემული მომენტისთვის ისეთი ფასია, რომ ამაზე ადექვატურ ფასად ამ დონის 1911-ს უბრალოდ ვერც ინატრებ. ამას გარდა პისტოლეტის შეძენით მე მეძლეოდა საშუალება უფრო ახლოს გამეცნო ლეგენდარული პლატფორმა M1911, რომელზეც წლების მანძლზე ბევრ თეორიულ ინფორმაციას, სტატიას და მიმოხილვას გავეცანი. ასევე გადავხედე გარკვეული მწარმოებლების ვებ გვერდებს და ვნახე რას აწარმოებენ/სთავაზობენ მომხმარებლებს. მაგრამ “ჩემი პრაქტიკა” ამ პლატფორმასთან ურთიერთობის კუთხით იყო საკმაოდ მწირი (თუ არ ჩავთვლი უბრალოდ ამ პლატფორმის პისტოლეტების რამოდენიმეჯერ დაშლა-აწყობას და დეტალურად დათვალიერებას). გარდა M1911 პლატფორმის გაცნობისა, ამ პისტოლეტის შეძენით მეძლეოდა საშუალება, რომ არსენალში მქონოდა ისეთი კალიბრის ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტი, რომელიც ჯერ არ მქონია პირად საკუთრებაში. .45 ACP ჩემთვის ერთერთ საინტერესო და საკულტო კალიბრს წარმოადგენს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით შევბრუნდი მაღაზიაში, რომ ეს „ლამაზმანი“ ჩემს სეიფში „დასაძინებლად“ წამომეყვანა.

ჩემი კუთვნილი Springfield M1911 MIL-SPEC

პირველ რიგში დავიწყოთ პისტოლეტის კომპლეკტაციით. პისტოლეტი იყიდება შავი ფერის მუყაოს კოლოფით, რომელზეც კომპანიის სავაჭრო ნიშანია (ლოგოტიპი) დატანილი გადაჯვარედინებული ზარბაზნების სახთ. კოლოფში ქვედა სიგრძეზე  მუყაოს ტიხრით შესრულებულია სათავსო, რომელშიც ინახება ასევე კომპანიის ლოგოთი გაფორმებული ბაგირიანი (ტროსი) ჩამკეტი ბოქლომი. აღნიშნული ბოქლომით პისტოლეტის დაკომპლეკტებას აშშ-ს გარკვეულ შტატებში კანონი ავალდებულებს ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებლებს. 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში უკვე რიგით მოქალაქეებსაც შეგვიძლია პისტოლეტის სასროლეთში გადატანა (მართალია საკმაოდ დიდი ბიუროკრატიული პროცედურის გავლის შემდეგ), ალბათ ამ ბოქლომსაც მოეძებნება გამოყენება და სასროლეთში გადატანისას შევძლებთ იარაღის ჩაკეტვას. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია პოლიესტერისგან შეკერილი ბრენდირებული ჩანთა რომელიც ორმხრივი ელვით (ე.წ. ზმეიკით) იკეტება. 

ჩანთაში დევს პისტოლეტი 1 ცალ მჭიდთან და სავაზნეში ჩასამაგრებელ პლასტმასის ალამთან ერთად. მჭიდიც სპრინგფილდის ქარხნის მიერ არის დამზადებული და სტანდარტულად იტევს 7 ცალ .45 ACP (.45 AUTO) ტიპის ვაზნას. ზოგადად პისტოლეტი SA M1911 MIL-SPEC ამ შესრულებით ქარხნულად მხოლოდ 1 ცალი მჭიდით კომპლექტდება, მაგრამ მაღაზია „აპაჩი“-მ იზრუნა მომხმარებელზე და იარაღის ჩანთაში შესრულებულ სამჭიდე განყოფილებაში დამატებით დევს 8 ცალ ვაზნაზე გათვლილი Mec-Gar-ის წარმოების მჭიდი უჟანგავი ფოლადის კოსრპუსით. უნდა ავღნიშნო, რომ ეს არ არის ხელწამოსაკრავი მჭიდი. იგი საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობს აშშ-ს იარაღის სამოქალაქო ბაზარზე და მსროლელთა წრეებში. ცნობისთვის კომპანია Springfield Armory მის ლეგენდარულ მოდელს „1911 Emissary“ სწორედ ამ მჭიდებით აკომპლეკტებს. ასეთი მჭიდების რეკომენდირებული საცალო ღირებულება აშშ-ში შეადგენს 39-42$-ს.

მარცხნივ სპრინგფილდის ორიგინალური მჭიდი 7 ცალ ვაზნაზე, რომელიც მთლიანად უჟანგავი ფოლადისგანაა შესრულებული, ხოლო მარჯვნივ Mec-Gar-ის წარმოების მჭიდი 8 ცალ ვაზნაზე, რომელიც იყენებს უჟანგავი ფოლადის კოსრპუსს, პლსტმასის მიმწოდებელს და პლასტმასის ფუძეს (ქუსლს)

Springfield Armory – M1911 MIL-SPEC -ის სამოდელო ხაზი აერთიანებს პისტოლეტებს 2 სერიით: 1. სერია სახელწოდებით CA Compliant; 2. სერია სახელწოდებით Defend your legacy. ორივე სერიის პისტოლეტები იწარმოება ორი ტიპის დაფარვით:

სერია „CA Compliant“ შესრულებით Black - შავი ფერის პარკერიზებული დაფარვით (მისი საცალო რეკომენდირებული ღირებულება ამ სტატიის დაწერს მომენტში კომპანიის ვებ გვერდზე შეადგენს 863$) და Stainless - უჟანგავი ფოლადის შესრულებით (მისი საცალო რეკომენდირებული ღირებულება ამ სტატიის დაწერს მომენტში კომპანიის ვებ გვერდზე შეადგენს 898$). ამ სერიის პისტოლეტები გამოირჩევა იმით, რომ მათ ქარხნულად მოყვება 2 ცალი სპრინგფილდის წარმოების 7 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდი. ნაცვლად მუყაოს კოლოფისა CA Compliant სერიის პისტოლეტები დევს პლასტმასის მყარ ქეისში (ყოველ შემთხვევაში გარკვეულ პარტიებზე ასე ხდებოდა თუ ახლა არ შეცვალეს რაიმე), ხოლო სახელურის ლოყები დამზადებულია მყარი ხის ჯიშისგან (ხის ჯიშის დასახელება გახლავთ Cocobolo), რომელზეც დატანილია კომპანიის სავაჭრო ნიშანი, ხოლო ხრახნების დამაგრების ადგილას სახელურის ლოყებზე გაკეთებულია ორი ცალი რომბისებური პროფილი. ასეთი რომბისებური პროფილები ადრეული პერიოდის COLT M1911-ებზე გვხდებოდა და ცნობილი იყო სახელწოდებით „Double Diamond“.

სერია „Defend your legacy“ ასევე იწარმოება შესრულებით Black - შავი ფერის პარკერიზებული (ხავოიანი) დაფარვით (მისი საცალო რეკომენდირებული ღირებულება ამ სტატიის დაწერს მომენტში კომპანიის ვებ გვერდზე შეადგენს 709$) და Stainless - უჟანგავი ფოლადის შესრულებით (მისი საცალო რეკომენდირებული ღირებულება ამ სტატიის დაწერს მომენტში კომპანიის ვებ გვერდზე შეადგენს 809$). სწორედ ეს უკანასკნალი გალხავთ ჩემს საკუთრებაში არსებული M1911 MIL-SPEC.  სერია „Defend your legacy“ განსხვავებით „CA Compliant“-ისგან ქარხნულად კომპლექტდება მხოლოდ 1 ცალი მჭიდით. თუმცა როგორც უკვე ავღნიშნე სტატიის ზემოთ, კომპანია „აპაჩი“ ზრუნავს თავის მომხმარებელზე და დამატებითი მჭიდით აკომპლექტებს პისტოლეტს. ასევე სერია „Defend your legacy“ განსხვავდება იმით, რომ სახელურის ლოყები შესრულებულია სადა სახით და მთელს პერიმეტრზე აქვს წვრილი რომბისებური ნაჭდევები  (ე.წ. ჩეკერინგი), ისე როგორც კანონიკურ COLT M1911 A1-ზე.

თავისი ფორმ-ფაქტორით SA M1911 MIL-SPEC წარმოადგენს სტანდარტულ სამთავრობო მოდელს, რომელიც იყენებს 5 ინჩიან სიგრძის ლულას

პისტოლეტის ჩარჩო და საკეტი შესრულებულია უჟანგავი ფოლადისგან და ეს ორივე დეტალი დამზადებულია გამოჭედვის მეთოდით (ე.წ. forged). საკეტის გვერდითა მხარეები მთელს სიგრძეზე არის გაპრიალებული, ხოლო ზედა ნაწილი მთელს სიგრძეზე ხავოიანი. ზედა ნაწილის ხავოიანი ფაქტურის წყალობით პისტოლეტი მზიან ამინდში ან ძლიერი განათების პირობებში ნაკლებად წარმოქმნის ბლიკებს და შესაბამისად არ წარმოადგენს მსროლელისთვის დამიზნებისას ხელისშემშლელ პროცესს. ხავოიანი ზედაპირი აქვს ასევე პისტოლეტის ჩარჩოს, რაც თავის მხრივ ამცირებს პისტოლეტის ხელიდან მოცურებას. რაც შეეხება ლულას, იგი ასევე უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული და მწარმოებლის თქმით მიეკუთვნება ეგრეთწოდებულ საასპარეზო კატეგორიას (Match grade barrel).

სასხლეტი არის მოკლე ტიპის, ისევე როგორც ადრეულ საარმიო პისტოლეტებში М1911 А1 და წინა მხარეს თითის უკეთესი მოჭიდებისთვის შესრულებული აქვს გრძივი ღარები. მე გაოგნებული დავრჩი სასხლეტის რბილი სვლით და პროგნოზირებადობით. ალბათ კარგ  სასხლეტებზე ნათქვამი ტერმინი "მინის წკირის გატეხვა" (Glass Rod Break) სწორედ ასეთ სასხლეტს გულისხმობს. პისტოლეტის ჩარჩოზე სასხლეტის უკან გაკეთებულია ჩანაჭრელები, რაც ასევე საარმიო ტიპის М1911 А1-ისათვის არის დამახასიათებელი.

ჩახმახიც არის ადრეული ფორმ ფაქტორის მოგრძო კუდით. მასზე არსებული სახასიათო კვალით შეიძლება ითქვას, რომ იგი დამზადებულია ზუსტი ჩამოსხმის MIM (Metal injection molding) ტექნოლოგიით. პისტოლეტი ადვილად დგება მცველზე და მცველიდან მოხსნაც არის ზუსტად ისეთი, როგორიც მე მიყვარს ოდნავ ხისტი და სახასიათო ტაქტილური შეგრძნებით, რომელიც გაგრძნობინებს რომ ბერკეტი საიმედოდ დაფიქსირდა თავის ადგილას. სახელურის მცველი საკმაოდ რბილად მოძრაობს, აქვს მოკლე სვლა, ხოლო მისი დაბოლოება ეგრეთწოდებული „თახვის კუდი“ (Beaver tail) არის ტრადიცული მოკლე გეომეტრიის, რაც შესაძლოა ნაკლებად მოეწონოთ თანამედროვე 1911-ების მოყვარულებს, თუმცა ასეთ კლასიკურ 1911-ზე მოგრძო და აპრეხილ „თახვის კუდს“, ალბათ არაფერი ესაქმება.

აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დამზადებულ კანონიკურ COLT M1911 A1-ის ჩახმახზე, საკეტის შემაკავებელ ბერკეტზე, მჭიდის ღილაკ-ფიქსატორზე და მთავარი ზამბარის ბუდის (ჰაუსინგის) საზურგის ნაწილში შესრულებული იყო წვრილი ჭადრაკისებური ნაჭდევები (ეგრეთწოდებული checkering). იშვიათად კი გარკვეული პარტიების პისტოლეტებზე საკეტის შემაკავებელ ბერკეტს და მთავარი ზამბარის ბუდის საზურგეს ჰქონდა გრძივი ნაჭდევები. Springfield 1911 MIL-SPEC-ის ზემოაღნიშნულ ყველა დეტალზე „ჩექერინგი“ გრძივი ნაჭდევების სახით არის წარმოდგენილი. ასევე Springfield M1911 MIL-SPEC-ს ორიგინალური COLT M1911 A1-სგან განსხვავებით აქვს მასრის საექსტრაქციო ფართე ფანჯარა რაც მისი პროფილის დადაბლებით არის მიღწეული. 

თეორიულად ასეთი ტიპის საექსტრაქციო ფანჯრის მეშვეობით უფრო საიმედოდ ხდება იარაღის განმუხტვა იმ შემთხვევაში, თუ მსროლელმა გადაწყვიტა ლულის სავაზნიდან გაუსროლელი ვაზნის ამოგდება. სამიზნე მოწყობილობები კანონიკური COLT M1911 A1-ისგან განსხვავებით არის უფრო მაღალი და განიერი, ხოლო უკეთესი დამიზნებისთვის მასზე შესრულებულია 3 ცალი თეთრი ფერის წერტილი (ე.წ. 3-Dot), რაც სუსტი განათების პირობებში და კონტრასტულ მიზანზე სროლისას უფრო კომფორტულს ხდის დამიზნებას.

ჩემთვის, როგორც „ძველი სკოლის“ იარაღის მოყვარულისთვის სასიხარულოა, რომ პისტოლეტის მთავარი ზამბარის (mainspring) ბუდე (housing), კანონიკური 1911-A1 -ის ანალოგიურად  არის შესრულებულ და აქვს მომრგვალებული არკისებური ფორმა, ხოლო დამაბრუნებელი ზამბარის მიმმართველი ისევე, როგორც კანონიკურ M1911 A1-ში, არის მოკლე ტიპის, რაც თავის მხრივ, სრული ზომის მიმმართველისგან განსხვავებით არ ცვლის პისტოლეტის დაშლა-აწყობის ტრადიციულ პროცესს. 

1. დამაბრუნებელი ზამბარა; 2. სრული ზომის მიმმართველი; 3. მოკლე მიმმართველი

ცნობისთვის აქვე  ავღნიშნავ რომ დამაბრუნებელი ზამბარის სრული ზომის მიმართველის (Full Length Guide Rod) შემთხვევაში, როგორც წესი პისტოლეტის დასაშლელად გამოყენებულ უნდა იქნას ე.წ. ალენის ქანჩი ან შესაბამისი კუთხოვანი სახრახნისი. თუმცა ასევე არსებობს მეორე ტიპის დამაბრუნებელი ზამბარის სრული ზომის მიმართველი, რომელიც სტანდარტული სახით იშლება და არ საჭიროებს სახრახნისის გამოყენებას.

შეიძლება ითქვას, რომ ასეთი კონსტრუქციული შესრულებით და კონფიგურაციით Springfield Armory 1911 MIL-SPEC წარმოადგენს ეგრეთწოდებულ G.I. სტილის მოდელს. აქვე რომ განვმარტოთ, ინიციალი G.I. იშიფრება სხვადასხვაგვარად "Government Issue", "General Issue", “General items” ან  "Ground Infantry". ამ ინიციალით აღნიშნავდნენ აშშ-ს არმიის ჯარისკეცების (ასევე აშშ-ს საჰაერო ძალების პილოტების) არჭურვილობაში შემავალ ძირითად ნივთებს.

Springfield Armory 1911 MIL-SPEC-ის შემთვევაში პისტოლეტის საკეტზე შესრულებული ნაჭდევები არის დახრილი დიაგონალურად (ე.წ. Slant serrations) და არა სწორად შესრულებული ვერტიკალური სახით. კომპანია სპრინგფილდი უკვე წლებია თავის პისტოლეტებს აწარმოებს ასეთი დახრილი ნაჭდევებით. ითვლება რომ ნაჭდევების ასეთი დახრილობის წყალობით მსროლელი გადატენვისას უკეთესად ახდენს საკეტზე თითების მოჭიდებას, თუმცა მე პირადად ყველაზე მეტად სწორედ ეს დახრილი ნაჭდევები არ მომწონს, რაც რეალურად ეგრევე განასხვავებს პისტოლეტს ვიზუალურად კანონიკური M1911 A1-სგან.

სტატიის ზემოთ ავღნიშნე რომ ჩემი სიმპატია ამ პისტოლეტის მიმართ არის ორზროვანი და მინდა განვმარტო რას ვგულისხმობ ოარაზროვანში. რა შემთხვევაში იქნებოდა პირადად ჩემთვის Springfield M1911 MIL-SPEC უფრო მეტად მოსაწონი პისტოლეტი? ახლა რასაც დაბლა წაიკითხავთ არის ჩემი სუბიექტური ახირება, ასე რომ სუპერ ტაქტიკური იარაღის მოყვარულებო შეგიძლიათ გული მოიფხანოთ :D პირველ რიგში საკეტზე შესრულებული დიაგონალურად დახრილი ნაჭდევების (ე.წ. Slant serrations) მაგივრად პისტოლეტს რომ ჰქონდეს სწორი ფორმის შვეული ნაჭდევები, სტანდარტული პროფილის მასრის ამოსაგდები ფანჯარა, ამას დამატებული სახელურის ბოლოში ღვედის გასაყრელი ყულფი და კანონიკური М1911 А1 -ის ანალოგიური დაბალი სამიზნე მოწყობილობები. მთავარი ზამბარის არკისებურ ბუდეზე (ე.წ. ჰაუსინგზე) და მართვის ორგანოებზე (სასხლეტი, ჩახმახი, მჭიდის ღილაკ-ფიქსატორი, საკეტის შემაკავებელი ბერკეტი) ტრადიციულ ხორკლიან ჩეკერინგსაც თუ დავუმატებდით მაშინ ეს იქნებოდა „ჩემი ჭიის“ გასახარებლად საკმაოდ დიდი ლუკმა, მაგრამ რას ვიზამთ რაც არის ეგ არის.

ამ სტატიის დაწერის მომენტში ჩემს პირად საკუთრებაში რეგისტრირებული მაქვს 14 ცალი ცეცხლსასროლი იარაღი და თამამად შემიძლია ავღნიშნო, რომ ასეთი ლამაზი /ქარიზმატული პისტოლეტი მე ჯერ არ მქონია პირად საკუთრებაში.

და რა შეიძლება ვთქვათ ამ სტატიის ბოლოს? პისტოლეტის ხელში აღების მომენტიდანვე ხვდები, რომ ამერიკული საიარაღო ინდუსტრიის ერთერთი ჩინებული წარმომადგენელი გიჭირავს, ხოლო იარაღის დაშლის და დათვალიერების შემდეგ კიდევ ერთხელ რწმუნდები რომ ჯონ მოზეს ბრაუნინგი არის ცოცხალი ლეგენდა! აქ სპეციალურად ვამობ, რომ არის (და არა იყო), რადგან ასეთი მეიარაღეები არასოდეს კვდებიან. არც მის ქმნილება М1911-ს უწერია დინოზავრებივით გადაშენება. შეიქმნება უამრავი პისტოლეტი, გამოჩნდება სხვადასხვა საინტერესო პლატფორმა, ზემსუბუქი და ტექნოლოგიური, პოლიმერული თუ კომპოზიტური მასალები, პისტოლეტები ეტალონური ერგონომიულობით... თუმცა ყოველთვის იქნებიან მოყვარულები, ენთუზიასტები, სპორტსმენები და კოლექციონერები რომელთაც უზომოდ ეყვარებათ დიდი ქვეყნის და დიდი მეიარაღის ქმნილება M1911.

No comments:

Post a Comment