პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ 1920-ან წლებში საფრანგეთის არმიის საარტილერიო მეთაურებისგან წამოვიდა მოთხოვნა თვითდამტენ პისტოლეტზე, რომელიც მოთხოვნის თანახმად უნდა ყოფილიყო მცირე გაბარიტიანი, მსუბუქი და ამავდროულად უნდა ჰქონოდა მჭიდის მაღალი ტევადობა. პისტოლეტებით უნდა შეიარაღებულიყვნენ საარტილერიო გათვლის სამხედრო მოსამსახურეები. სხვადასხვა ვარიანტების განხილვის შემდეგ გადაწყდა, რომ პისტოოლეტის შემუშავებაში ჩაერთვებოდა სულ ახლახანს შექმნილი ფრანგული ფაბრიკა MAPF (Manufacture d’Armes de Pyrénées Françaises ) რომელიც 1923 წლიდან ფუნქციონირებდა ესპანეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ანდაიში (Hendaye) და დაკავებული იყო თვითდამტენი პისტოლეტების წარმოებით. აღნიშნული პისტოლეტები ცნობილი იყო სავაჭრო ნიშნით „Unique”.
ფაბრიკის კონსტრუქტორებმა პისტოლეტის შემუშავებისას საფუძვლად აიღეს ესპანური RUBY, რომელიც თავის მხრივ Browning M1906-ის გამარტივებულ და გაზრდილი გაბარიტების მქონე ვარიანტს წარმოადგენდა. ამას გარდა ესპანური RUBY შეიარაღებაში ჰქონდა საფრანგეთის არმიას და სამხედროები კარგად იცნობდნენ მის საქსპლუატაციო თუ ტექნიკურ ნიუანსებს. შესაბამისად RUBY-ს ბაზაზე შემუშავებული ახალი პისტოლეტი ადვილად დაიმკვიდრებდა თავს საფრანგეთის არმიის საარტილერიო რიგებში. გადაწყდა რომ პისტოლეტი დამზადებულიყო ორ გავრცელებულ ვაზნაზე. 7,65x17mm Browning და 9x17mm Browning Short (9mm Kurz). ვინაიდან არტილერისტების მოთხოვნას წარმოადგენდა შედარებით დიდი ტევადობის მჭიდი, კონსტრუქტორები წავიდნენ მარტივი გზით და პისტოლეტს გაუკეთეს მოგრძო ტარი, რომლის ერთრიგიანი მჭიდიც იტევდა 9 ცალ 7,65x17mm Browning-ის ვაზნას. ამავდროულად შესაძლებელი იყო დამატებით 1 ცალი ვაზნა ლულის სავაზნეში მოთავსებულიყო, რისი წყალობითაც პისტოლეტის საბრძოლო მარაგი 10 ცალ ვაზნას შეადგენდა. ხოლო 9x17mm Browning Short (9mm Kurz) ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტის მჭიდში 8 ცალი ვაზნა თავსდებოდა და +1 ვაზნა ლულის სავაზნეში.
მარცხნივ მოყვანილია ჩარჩოში განთავსებული დახურული ჩახმახი, ხოლო მარცხნივ ჩანს საკეტზე შესრულებული ამონაჭრელი ჩახმახისთვის და საცემი ნემსას კუდი
პისტოლეტის ავტომატიკა მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით. დამრტყმელი მექანიზმი იყო დახურული (შიდა) ჩახმახით. (სხვადასხვა ლიტერატურაში შეიძლება შეგვხვდეს ინფორმაცია, რომ Unique Model 17 არის საცემიანი ტიპის ე.წ. „სტრაიკერი“, რაც არაა სწორი). პისტოლეტის ჩარჩოზე მარცხენა მხარეს განთავსებული იყო დროშისებური მცველის ბერკეტი. მცველის ბერკეტის ზევით აწევის შემთხვევაში ხდებოდა სასხლეტის და საკეტ-გარსაცმის ბლოკრება, ხოლო ბერკეტის დაბლა დაწევის შემთხვევაში პისტოლეტი იხსნებოდა მცველიდან.
მჭიდი პისტოლეტის სახელურში ფიქსირდებოდა სახელურის ქვემოდან განთავსებული ფიქსატორით. გერმანელების მიერ საფრანგეთის ოკუპაციემდე სულ დამზადებული იქნა 18 000 ცალი პისტოლეტი, ხოლო საფრანგეთის ოკუპაციის მომენტიდან პისტოლეტ Unique Model 17-ის წარმოება გაგრძელდა მესამე რაიხის შეიარაღებული ძალებისთვის. გერმანელებმა პისტოლეტი შეიარაღებაში მიიღეს აღნიშვნით „Selbstlade Pistole Unique“ (თვითდამტენი პისტოლეტი Unique).
ამას გარდა გერმანელებმა პარალელურად დაიწყეს პისტოლეტის მოდიფიკაციის წარმოება სახელწოდებით Unique „Kriegsmodell“, რომელიც ძირითადად ფლოტისთვის იყო განკუთვნილი. აღნიშნული მოდიფიკაცია შემუშავდა გერმანიის შეიარაღების სამმართველოს Heereswaffenamt (შემოკლებით HWA) მიერ და განსხვავდებოდა იმით, რომ ნაცვლად დახურული ტიპის ჩახმახისა, ჰქონდა გარეგანი (ღია) ჩახმახი. ასევე პისტოლეტის სახლურს უკანა მხრიდან გაუკეთეს ნახევარმთვარისებური გამობურცული საზურგე, რამაც გაზარდა პისტოლეტის ერგონომიულობა (უფრო მოსახერხებელი გახადა პისტოლეტის ხელში ჭერა).
ფლოტისთვის განკუთვნილ 7,65x17მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე განკუთვნილ პისტოლეტს მიენიჭა აღნიშვნა Rr, ხოლო 9x17მმ-ან ბრაუნინგის მოკლე ვაზნაზე გათვლილ პისტოლეტს - Fr. პისტოლეტებს გერმანელები თავიანთი წესის თანახმად არტყავდნენ Waffenamt -ის დამღას არწივის და სპეციალური ნომრის სახით WaA251. სულ ჯამში გერმანელების მიერ 1940-1945 წლებში დამზადებულ იქნა დაახლოებით 20 000 ცალი Kriegsmodell (რიგი წყაროების თანახმად 24 550 ცალი) და 36 000 ცალი Selbstlade Pistole Unique Model 17.
მიუხედავად ყველაფრისა პისტოლეტები Unique Model 17 და Unique „Kriegsmodell“ მუშაობდა საიმედოდ, იშლებოდა მარტივად და მათი წმენდა/მომსახურება არ წარმოადგენდა რაიმე სირთულეს. ამას გარდა პისტოლეტის დამზადება არ მოითხოვდა რთულ საწარმოო ოპერაციებს. სწორედ ამიტომ ომის დასრულების შემდეგ საფრანგეთმა გააგრძელა პისტოლეტების წარმოება სახელწოდებით Unique model R17 გათვლილი 7,65x17mm Browning-ის ვაზნაზე და Unique model Rd17 გათვლილი წრიული აალების .22LR ტიპის ვაზნაზე, რომელიც გამოიყენებოდა სავარჯიშო სროლისთვის და ასევე კომერციული მიზნით გადიოდა ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყნების სამოქალაქო ბაზარზე. წრიული აალების .22LR ტიპის ვაზნაზე გათვლილი კომერციული პისტოლეტების ტარზე შესრულებული იყო წარწერა "Ranger" დ სხვადასხვა სავაჭრო კატალოგებში სწორედ ამ სახელით იყიდებოდა.
No comments:
Post a Comment