ავსტრიული პისტოლეტი Steyr SP

პისტოლეტი, რომლის შესახებაც ამ მცირე სტატიაში მოგითხრობთ, ცნობილ იარაღის მწარმოებელ კომპანიას ეკუთვნის, თუმცა კონკრეტულად ეს მოდელი არასოდეს არ  გამოირჩეოდა დიდი „ცნობადობით“.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ავსტრიულ კომპანია Steyr -ს დაწესებული ჰქონდა შეზღუდვა ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებაზე. ამ ფაქტის გამო კომპანია გადაერთო მოტოციკლეტების, სხვადასხვა მექანიკური ხელსაწყოების და მოწყობილობების წარმოებაზე.  1950-ანი წლების პირველ ნახევარში კომპანიამ (რომელიც უკვე ცნობილი იყო სახელწოდებით „Steyr-Daimler-Puch A.G.“) მიიღო ნებართვა ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებაზე. 1950-ანი წლების შუა პერიოდში კომპანიაში დაწყებულ იქნა სამუშაოები, რომელიც უკავშირდდებოდა მოკლელულიანი იარაღის, კერძოდ კი პისტოლეტების შემუშავებას. კომპანიის მიერ დამზადებული ერთერთი პირველი მოდელი რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იხილა დღის სინათლე იყო 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე (7,65x17mm Browning / .32ACP) გათვლილი თვითდამტენი პისტოლეტი „Steyr Model SP“.

პისტოლეტი  „Steyr Model SP“

პისტოლეტის ავტომატიკა მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით და გარკვეულ წილად კონსტრუქციული, ასევე ვიზუალური კუთხით წააგავდა ლეგენდარულ Walther PP-ს, თუმცა კონსტრუქციის მხრივ მასში იყო მნიშვნელოვანი განსხვავებებიც.  მთავარი სხვაობა მდგომარეობდა შემდეგში: პისტოლეტი იყენებდა მხოლოდ ორმაგი მოქმედების ეგრედწოდებულ DAO (Double-action only) ტიპის დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს, რომელსაც ჰქონდა დახურული ჩახმახი. აქედან გამომდინარე იარაღს არ გააჩნდა არანაირი გარე ტიპის მცველი. 

იარაღის საკეტ-გარსაცმს ცხვირის ნაწილში დამაგრებული ჰქონდა ცილინდრული ფორმის მოხსნადი დამჭერი ე.წ. “Barrel bushing”, რომლის მოხსნის შემდეგაც შესაძლებელი იყო იარაღის არასრული დაშლა. პისტოლეტის ლულა ხისტად იყო დამაგრებული ფოლადის ჩარჩოზე ხოლო ლულაზე ჩამოცმული იყო დამაბრუნებელი ზამბარა.

პისტოლეტის კონსტრუქციული ნიმუში, რომელზეც ნათლად ჩანს შიდა დახურული ჩახმახი

იარაღის ვაზნებით კვება ხორციელდებოდა 7 ცალ ვაზნაზე გათვლილი სავაზნე კოლოფით (მჭიდით), რომელსაც ფუძეზე დამაგრებული ჰქონდა სამკუთხა ფორმის ქუსლი. აღნიშნული ქუსლი თავის მხრივ დიდი ხელის პატრონებისთვის აუმჯობესებდა პისტოლეტის ჭერას და ერგონომიულობას. მჭიდის დაფიქსირება სახელურში ხდებოდა ქვემოდან განთავსებული ღილაკ-ფიქსატორით. 

წინა სამიზნე მოწყობილობა მცირე ზომის შვერილის სახით წარმოადგენდა საკეტ-გარსაცმის განუყოფელ ნაწილს, ხოლო უკანა სამიზნე მოწყობილობა შესრულებული იყო ცალკე დეტალის სახით, რომელიც მერცხლის კუდის მსგავსი სამაგრით ფიქსირდებოდა საკეტ-გარსაცმის ზედა უკანა ნაწილში.  პისტოლეტის საკეტ-გარსაცმის მარცხენა მხარეს შესრულებულია წარწერა [STEYR-DAIMLER-PUCH.A.G., შემდგომ კომპანიის სავაჭრო ნიშანი, MOD. „SP„ KAL., 7,65mm] ქვემოთ დატანილოია [MADE IN AUSTRIA]. პლასტმაისგან დამზადებულ სახელურის ლოყებზე ორივე მხარეს დატანილია Steyr-ის სავაჭრო ნიშანი (ლოგოტიპი).

პისტოლეტ „Steyr Model SP“-ს წარმოება მცირე პარტიებად დაწყებულ იქნა 1957 წელს, თუმცა მასზე არ იყო დაინტერესება არც რომელიმე ძალოვანი სტრუქტურიდან და ვერც იარაღის სამოქალაქო ბაზარზე მოიპოვა პოპულარობა. დრო გადიოდა, ხოლო დამზადებულ პისტოლეტებზე არ იყო არანაირი მოთხოვნა არც ქვეყნის შიგნით და არც მის ფარგლებს გარეთ. შესაბამისად 1965 წელს მისი წარმოება სამუდამოდ შეწყდა. გარკვეული წყაროების თანახმად სულ დამზადებული პისტოლეტების რაოდენობამ შეადგინა 1000 ცალზე ნაკლები. 

დღეს „Steyr Model SP“ იშვიათობას წარმოადგენს და მისი ღირებულება სხვადასხვა აუქციონებზე მდგომარეობის მიხედვით მერყეობს 900-1300 აშშ დოლარის ფარგლებში. პისტოლეტის წარმოების შეწყევტიდან უკვე ნახევარ საუუნეზე მეტია გასული და რთულია ვისაუბროთ იმაზე თუ რა გახდა პისტოლეტის წწარუმატებლობის მიზეზი. ამას გარდა  „Steyr Model SP“-ზე ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმია, რადგან ის არ გამოსულა მასიურად. მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ორმაგი მოქმედების (DAO) მქონე დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი შეიძლება გამხდარიყო წარუმატებლობის ერთერთი მიზეზი.

No comments:

Post a Comment