VZ 58-ის მოდიფიკაციები და ქართული ბაზარი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოს ცეცხლსასროლი იარაღის ბაზარზე არსებულ კარაბინებში, ჩეხური წარმოების VZ-58-ის მოდიფიკაციები უდაოდ ბესტსელერია გაყიდვების კუთხით. იგი დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გამოჩნდა საქართველოში და მას თბილისის თითქმის ყველა იარაღის მაღაზიის დახლზე შეხვდებით. ეს გასაკვირი არცაა, რადგანაც ფასის და ხარისხის შეფარდებით თუ ვიმსჯელებთ, აღნიშნული კარაბინი მართლაც საუკეთესო გადაწყვეტილებაა იმ ადამიანებისათვის, ვისაც უყვარს ასეთი ტიპის იარაღი. თავდაპირველად კარაბინი VZ-58-ის ერთერთი მოდიფიკაცია სახელწოდებით „CZ 858“ მხოლოდ ერთ მაღაზიაში იყიდებოდა და მისი ღირებულებაც გაცილებით ძვირი იყო, ხოლო როდესაც იგი რამოდენიმე მაღაზიამ შემოიტანა კონკურენციამ თავისი საქმე ხუთიანზე შეასრულა და ფასიც მისაღებ ზღვარზე ჩამოვიდა. კარაბინის გაყიდვის ერთერთი ხელისშემწყობი ფაქტორი ისიცაა, რომ იგი საარმიო ტიპისაა და იერით ძალიან ჰგავს კალაშნიკოვის ავტომატს, რომლის მიმართ ქართველი მოყვარულების დამოკიდებულება შეიძლება ითქვას ზედმეტად პოზიტიურიცაა. ხშირად VZ-58  მოდელს სქართველოში  ჟარგონულად „ჩეხურ კალაშასაც“ უწოდებენ. ის ფაქტი, რომ კალაშნიკოვის ავტომატი და VZ-58 კონსტრუქციულად განსხვავდება ერთმანეთიქსგან ნაკლებად თუ აინტერესებს ვინმეს. მთავარია, რომ იგი ვიზუალურად ჰგავს „მამა კალაშას“. რა თქმა უნდა ამ ფაქტორის გარდა კიდევ სხვა დამატებითი ნიუანსებიც არსებობს, რომელმაც ასე პოპულარული გახადა VZ-58 საქართველოში. შევეცდები ჩამოვწერო ჩემი აზრით რა დამატებითი ნიუანსები განაპირობებს მის პოპულარულობას ჩვენს ქვეყანაში:
·        პირველ რიგში ალბათ კარაბინში გამოყენებული ვაზნის პოპულარულობამ ითამაშა დიდი როლი. 7,62X39 ჩვენს ქვეყანაში გავრცელებული ვაზნაა, რადგანაც პოსტ საბჭოთა ქვეყანა ვართ და „აკაემის“ ვაზნა როგორც მას ხშირად უწოდებენ ჩვენთანაც პოპულარულია. ვაზნის პოპულარულობა კი ყველასათვის ცნობილი კალაშნიკოვის ავტომატის დამსახურებაა. გარდა ამისა კიდევ ერთი გავრცელებული მიდგომა არსებობს ჩვენს ქვეყანაში ამ ვაზნის მიმართ. კერძოდ: „7,62x39 ვაზნა ადვილი საშოვნელია, მთავარია ჯარში გყავდეს ნაცნობი, რომელიც შეძლებს ამუნიციით მოგამარაგოს“. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოიერიშე შაშხანის ვაზნის საარმიო ვარიანტები ფოლადის გულარით, მგეზავი, ჯავშანგამტანი და სხვა საარმიო სპეციალური ტიპის ტყვიებით დამუხტული ვაზნები კანონით აკრძალულია სამოქალაქო პირებისათვის. ასე რომ ჩემი რჩევა იქნება ნუ გარისკავთ „ცეცხლთან თამაშს“. სტატიის დაწერის მომენტში სამოქალაქო ბრუნვისთვის დაშვებული 7,62X39 კალიბრის ვაზნების ღირებულება საქართველოს მაღაზიებში, სხვადასხვა მწარმოებლების მიხედვით 2 ლარიდან 4 ლარამდე მერყეობს.

·         შემდეგი პოპულარულობის მიზეზი არის ის ფაქტორი, რომ საქართველოში რუსული წარმოების ნახევრადავტომატური კარაბინები “Cайга” და 70 წლის წინ შექმნილი სიმონოვის თვითდამტენი კარაბინი „ეს კა ესი“ (СКС) ჟარგონულად რომ ვთქვათ ჯერ კიდევ „ცვეტშია“ (მითუმეტეს თუკი ესკაესის მფლობელს ქრომირებული ლულიანი ეგზემპლარი აქვს, რომელიც მის ღირებულებას „კაკ მინიმუმ“ 500 ლარით ზრდის. (ეს რათქმაუნდა სამწუხარო ქართული რეალობაა). სწორედ „ესკაესს“ ადარებს ბევრი „VZ-58“ მოდელს და ჩეხური ეგზემპლარის უპირატესობების დანახვით იღებს გადაწყვეტილებას. მე მსმენია არაერთი ფაქტი, როდესაც მფლობელებმა გაყიდეს თავიანთი „ესკაესები“ და შეიძინის VZ-85-ის ვარიანტები. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მაინც შემორჩნენ ადამიანები, რომლებიც მშრალად ამტკიცებენ, რომ ესკაესი ჯობია ჩეხურ VZ-58 -ის სამოქალაქო მოდიფიკაციებს. რა თქმა უნდა ყველა საქონელს თავის მუშტარი ჰყავს და „ყველა ქოთანს თავისი თავსახური აქვს“, მაგრამ ვინც ფიქრობთ, რომ ესკაესი ჯობია ჩეხურ VZ-58 მოდელს და მის მოდიფიკაციებს მინდა გითხრათ, რომ ცდებით. თუკი ახლა ამ სტატიას კითხულობ და თვლი რომ მე ვცდები, შეგიძლია სტატიის ბოლოში კომენტარის ველში დაასაბუთო რითი სჯობს „ესკაესი“. J

·         VZ-58-ის პოპულარულობის ერთერთი განმაპირობებელი ფაქტორი ალბათ ისიცაა, რომ კარაბინი ადვილად ექვემდებარება ფურნიტურის (ტიბჟირი, პისტოლეტისებური სახელური, საკეცი დუგლუგი / ფიქსირებული კონდახი) შეცვლას. საქართველოს მაღაზიებშიც უკვე გამოჩნდა შეცვლილი ფურნიტურიანი VZ-58 ტიპის კარაბინები, რომლებსაც ჩემი აზრით ხშირად თავად მაღაზიის თანამშრომლები ატუნინგებენ და ყიდიან ცოტა ძვირ ფასად. მარკეტინგული კუთხით თუ შევხედავთ ამ ოპერაციას, რა თქმა უნდა სწორი სვლაა და ბევრს ურჩევნია უკვე „ნავაროჩენი“ კარაბინი იყიდოს, ვიდრე თავად მოახდინოს მისი ტუნინგი.

·         და ბოლოს ჩემი აზრით ერთერთი მიზეზთაგანი რომელიც ყველაზე მეტად გაყიდვადს ხდის საქართველოში VZ-58 მოდელს, არის მფლობელთა გამოხმაურებები, რომელიც ძირითადად პოზიტიურია და ეს არცაა გასაკვირი. კარაბინი მართლაც რომ ამართლებს მოლოდინებს და შეიძლება ითქვას „ხარისხი ფასზე მეტია“. რა თქმა უნდა იგი არაა იდეალური და გარკვეული მინუსებიც აქვს. რაც შეეხება მის რესურსს და გამძლეობას ამას დრო დასჭირდება, ვინაიდან ჯერ სულ რაღაც წელიწადნახევარია იგი საქართველოში გამოჩნდა და მეეჭვება ვინმეს მოესწრო მისი მუშაობის რესურსის ამოწურვა. რაც შეეხება სროლის დროს შექმნილ პრობლემებს და შეფერხებებს, რამოდენიმეჯერ მოვისმინე კონკრეტული ფაქტები, რომელიც ძირითადად მასრის ექსტრაქციას, ამოგდებას (ე.წ. FTE) ან კიდევ ვაზნის მიწოდებას უკავშირდებოდა. მე ზუსტი სტატისტიკა არ მაქვს, მაგრამ ჩემი ვარაუდით ვფიქრობ საქართველოში 1000 ცალზე მეტი VZ-58 ტიპის კარაბინი უნდა იყოს გაყიდული. 1000 ცალი ბევრი არაა, თუმცა რაც უფრო მეტად გაიზრდება გაყიდული კარაბინების რაოდენობა, მით უფრო დიდი ალბათობაა ყური მოვკრათ შეფერხებებს, პრობლემებს, ბრაკებს და მფლობელთა ნეგატიურ გამოხმაურებებს.
ვერ ვიტყვი, რომ მე ვოცნებობდი VZ-58 ტიპის კარაბინზე ან კიდევ სერიოზულად ვფიქრობდი მის შეძენას, თუმცა როგორც იარაღის მოყვარულს მქონდა გარკვეული სიმპატიები მის მიმართ. მთავარი სიმპატია ალბათ იყო ის, რომ კარაბინი საარმიო ტიპისაა და ჩეხოსლოვაკიაში შეიქმნა. მე არაერთხელ აღმინიშნავს ჩვენს სტატიებში, რომ ჩეხური და პოლონური იარაღის მოტრფიალე ვარ. ჩემი ინტერესი და სიყვარული ამ ქვეყნებში შექმნილი იარაღების მიმართ არაა გამოწვეული მხოლოდ იმით, რომ ისინი ხარისხიან იარაღს აწარმოებენ. მე ამ ქვეყნების იარაღით პირველ რიგში ვინტერესდები იმ მიზეზის გამო, რომ ბევრი საინტერესო და უცნაური კონსტრუქციები იქმნებოდა მათი ოსტატების მიერ. რამოდენიმე დღის წინ კი აღნიშნულმა კარაბინის ერთერთმა ვარიანტმა  ჩემს მფლობელობაშიც დაიდო ბინა.
ჩემი კუთვნილი “VZ-58”-ის სამოქალაქო ვარიანტი “CZ-858 4 V” და მისი თანამოქალაქე “VZ-61 Skorpion”-ის სამოქალაქო ვარიანტი „CZ-61S Skorpion”
VZ-58 მოდელის შესახებ უამრავი რამ დაწერილა და თქმულა, მათ შორის ქართულ ვებ სივრცეშიც. მაგალითად ლევანის (Shooter-ის) ბლოგ „Shooterscentral“-ზე საკმაოდ საინტერესო და მოცულობითი სტატიები აქვს გამოქვეყნებული ბლოგის ავტორს. ვინც დაინტერესებული ხართ VZ-58-ით გირჩევთ გაეცნოთ მის სტატიებს.
მე დიდი ხანია დაინტერესებული ვარ VZ-58-ის მოდიფიკაციებით და ვარიანტებით, თუმცა ვერსად ვერ მოვიძიე ისეთი სტატია, რომელშიც  ვრცლად ან მოკლედ მაინც იქნებოდა ერთიანად თავმოყრილი და აღწერილი სხვადასხვა ვარიანტები, მოდიფიკაციები და მათი სხვაობები. გარდა ამისა საქართველოს ბაზარზეც უკვე VZ-58-ის რამოდენიმე სახის ვარიანტია გავრცელებული.  სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შემევსო ეს „ცარიელი ადგილი“ და დამეწერა აღნიშნული სტატია, რომელშიც შევეცდები ლაკონურად მოგაწოდოთ ის ინფორმაცია, რომელსაც ვფლობ VZ-58-ის მოდიფიკაციების და ვარიანტების შესახებ.
VZ-58 -ის პროტოტიპი  "Koště" („ცოცხი“) იგივე Samopal 56
პირველ რიგში რა თქმა უნდა დავიწყებ VZ-58-ის პროტოტიპით, რომლის შესახებ საკმაოდ საინტერესო ინფორმაციის მოძიება შევძელი. 1956 წლის 7 დეკემბერს ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებამ, ქალაქ მოსკოვში ჩაატარა გასაიდუმლოებული პროტოტიპის (კოდური სახელწოდებით "Koště" - ჩეხურად ნიშნავს ცოცხს)  გამოცდა, რომლის ფარგლებშიც აგრეთვე გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა. შეხვედრაზე საბჭოთა მხარემ წარმოადგინა თავიანთი მოსაზრებები და რეკომენდაციები. პროტოტიპის გამოცდა მიმდინარეობდა იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში არსებული მეთოდებით.
მოსკოვში საცდელ სროლებზე პროტოტიპიდან გასროლილ იქნა ჯამში 11986 ცალი ვაზნა. სროლები მიმდინარეობდა სხვადასხვა პირობებში.  აქედან ნორმალურ პირობებში პროტოტიპიდან გასროლილ იქნა 5206 ცალი ვაზნა, რომლის შედეგიც იყო შემდეგი სახის:
1.      ხუთჯერ დაფიქსირდა მტყუნება ე.წ. „ასეჩკა“;
2.      ვაზნის მასრა მიწოდებისას დეფორმირდა ორჯერ.
ჯამურად გამოვიდა, რომ სულ 5206 გასროლიდან შეფერხებამ შეადგინა 7 ცალი ერთეული (0,13%).
გარდა ნორმალურ პირობებში სროლისა, პროტოტიპმა გაიარა სხვადასხვა სახის სპეციალური სატესტო შემოწმება. ცხრილში შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნული ტესტების რამოდენიმე ტიპები და ტესტირების შედეგები:
საბოლოო ჯამში საბჭოთა კავშირის გამომცდელებმა დადებითი დახასიათება დადეს პროტოტიპის შესახებ. ყველაზე მეტად მოწონებულ იქნა სროლის სიზუსტე.
თუმცა გარდა დადებითი მხარეებისა, პროტოტიპს გააჩნდა უარყოფითი მხარეებიც. კერძოდ:
·         პროტოტიპში გამოყენებული დეტალები მალე ექვემდებარებოდა ცვეთას და დაზიანებას;
·         ლულა და კორპუსი ზედმეტად ხურდებოდა. 180 გასროლის შემდეგ ლულა და ლულის სავაზნე ისე ცხელდებოდა, რომ სავაზნეში არსებული ვაზნა თავისით ალდებოდა;

ერთერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელიც მოსკოვში დასახელდა გამომცდელების მიერ იყო ის, რომ საკეტის კორპუსი და მისი ქანქარა უნდა გადამუშვებულიყო და მისი დამზადება უნდა მოხდარიყო უფრო მაღალი ხარისხის და სიმკვრივის მქონე ფოლადისგან.

დაშლილი პროტოტიპის დეტალების დათვალეერებისას ყველაზე მეტად გაოცებული დავრჩი ერთი ფაქტით - სადაა აირგამყვანი მილაკი და დგუში? ის არ ჩანს ფოტოზე და ლულაზე დაკვირვებით თუ ვიმსჯელებთ არცაა მისთვის განკუთვნილი ადგილი. როგორ ხდებოდა საკეტის უკუცემა? ჩემთვის პასუხგაუცემელი რჩებოდა ეს საკითხი სანამ არ მოვიძიე პირველი პროტოტიპების ნახაზები, რომელზეც ჩანს, რომ მოკლე დგუში და აირგამყვანი კამერა მოთავსებულია უკანა სამიზნის ქვეშ.
ერთერთი პირველი პროტოტიპის ნახაზი
პროტოტიპ Sa.56-ის ნახაზი
1957 წელს პროტოტიპი გადამუშავდა და 1958 წელს მიენიჭა სახელწოდება „Vzor-58“ სწორედ აღნიშნული სახით მოაღწია დღემდე ჩვენი სტატიის მთავარმა გმირმა.
დღეს რათქმაუნდა პირველ პროტოტიპებს ვერ შევხვდებით ბუნებაში. ერთერთი ცნობით არსებული პროტოტიპი ინახება ჩეხეთის საარტილერიო მუზეუმში.
VZ-58 საბაზისო ვარიანტები
საარმიო VZ-58  არსებობს 2 ძირითადი (საბაზისო) სახის:
1. VZ-58 P სადაც ასო “P” ნიშნავს Pěchotní-ს (ანუ ქვეითთა). აღნიშნული მოდელი არის მუდმივი კონდახით;
2.  VZ-58 V (Výsadkový - სადესანტო) დასაკეცი სამხრე დუგლუგით.
სხვა დანარჩენი კუთხით ორივე იარაღი აბსოლუტურად იდენტურია. საბაზისო მოდელების ლულის სიგრძე შეადგენს 390 მილიმეტრს და გათვლილნი არიან 7,62x39 მმ ვაზნებზე.
VZ-58 Pi 
მოგვიანებით შეიქმნა ვარიანტი VZ-58 Pi  რომელიც აღჭურვილი იყო ღამის ხედვის ინფრაწითელი სამიზნის НСП-2-ის (Ночной Стрелковый Прицел-2)  სამაგრი ინტერფეისით. გარდა ამისა გააჩნდა საკეცი ორფეხა სადგარი (Bipod) რომელიც ლულის წინა ნაწილში ხიშტ-დანის სამაგრზე ყენდებოდა და კონუსისებური (ძაბრისებური) ფორმის ალმქრობი.
AP-Z 67 და ÚP-Z 70
1966 წელს შეიქმნა ექპერიმენტალური მოდელი სახელწოდებით „Automatická puška–Z 67”  (AP-Z 67) რომელიც გათვლილი იყო ვაზნაზე “7,62x51 NATO”. აღნიშნული პროექტი საბოლოოდ არ გასცდა საცდელ პროტოტიპებს. სამი წლის შემდეგ (1970 წელს) კი იგი გადამუშავებულ იქნა ვაზნაზე 5,56x45 NATO და მიენიჭა სახელწოდება Útočná puška-Z 70 (ÚP-Z 70). აღნიშნული მოდიფიკაციის შექმნამაც უშედეგოდ ჩაიარა.


EZ-B
1976 წელს დამაზდებულ იქნა ექსპერიმეტალური პროტოტიპი, რომელიც აგებული იყო “Bullpup” ტიპის სქემაზე. პროტოტიპს მიენიჭა სახელწოდება EZ-B (Experimentální zbraň-Bullpup). პროექტი მალევე დაიხურა და გამოშვებული ეგზემპლარების რაოდენობამ შეადგინა მხოლოდ რამოდენიმე ცალ ერთეულს.
 
ხელის ტყვიამფრქვევი KLEČ („მთის ფიჭვი“).
1976 წელს (რიგი წყაროების თანახმად აღნიშნული მოდელი შეიქმნა 1979 წელს) საბაზისო მოდელის VZ-85 P საფუძველზე შეიქმნა მსუბუქი ხელის ტყვიამფრქვევი (Ruční kulomet) კოდური სახელწოდებით „KLEČ“ (ჩეხურად ნიშნავს მთის ფიჭვს). იგი საბაზისო მოდელისგან განსხვავდებოდა ლულის სიგრძით, რომელიც შეადგენდა 590 მმ-ს და მოზრდილი გაბარიტების კონდახით. ლულის ბოლოში კი მაგრდებოდა საკეცი ორფეხა სადგარი. საბოლოდ მოდელი „KLEČ“ არადამაკმაყოფილებლად ჩათვალეს და პროექტიც დაიხურა. სულ დამზედებულ იქნა 9 ცალი ეგზემპლარი, რომელთაგან 6 ცალს გააჩნდა პოლიგონალური ტიპის ჭრილები. იარაღის საერთო სიგრძე შეადგენდა 1050 მმ-ს და იწონიდა 4 კილოგრამს.
სნაიპერული შაშხანა  VZ 58/97
90-ან წლებში ჩეხეთის შეიარაღების და საბრძოლო მასალის სამხედრო ტექნიკური ინსტიტუტის „VTÚVM” (Vojenský technický ústav výzbroje a munice) მიერ რამოდენიმე ცალი ეგზემპლარის სახით დამზადებულ იქნა სნაიპერული შაშხანა „LOP” (Lehká odstřelovačská puška) VZ 58/97, რომელსაც სტანდარტული VZ-58-სგან განსხვავებით გააჩნდა გრძელი ლულა და ოპტიკური სამიზნის სპეციალური სამაგრი დიდი სახელურის სახით.
 
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი VZ 58/98 "Bulldog"
„VTÚVM”-ის მიერ აგრეთვე შექიმნა 9x19 Parabellum ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „VZ 58/98“  კოდური სახელწოდებით "Bulldog". აღნიშნული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი მუშაობდა თავისუფალი საკეტის სქემით და გააჩნდა 6 ჭრილიანი ლულა. იგი საცდელი სახით დამზადდა ორი სხვადასხვა სიგრძის ლულით. 1. 180 მმ-ანი; 2. 200მმ-ანი რომელსაც ჰქონდა მაყუჩის დასმაგრებელი ხრახნი. მექანიკური სამიზნე იყო რეგულირებადი 100-400 მეტრამდე სასროლათ. იარაღი იკვებებოდა 30 ვაზნიანი მჭიდით და ჯერებით სროლისას ტემპი შეადგენდა 800 გასროლას წუთში. ტყვიის საწყისი სიჩქარე შეადგენდა 380-410 მ/წამში.



დღეს მსოფლიოს ბაზარზე უხვადაა წარმოდგენილია VZ-58-ის სამოქალაქო ვარიანტები, რომელთაც არ გააჩნიათ ჯერებით სროლის რეჟიმი. მათ შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია CZ-ს მიერ წარმოებული ვარიანტები „CZ 858 Tactical“ .
 
საქართველოში გავრცელებული VZ-58-ის სამოქალაქო ვარიანტები
„CZ 858 Tactical“  
სწორედ ეს მოდელები გამოჩნდა საქართველოში პირველად. აღნიშნული კარაბინები გამოდის სხვადასხვა ვარიაციით:
1.      CZ 858 Tactical 2 P - მუდმივი (არადასაკეცი) კონდახით, რომლის ლულის სიგრძე შეადგენს 477მმ-ს.
2.      CZ 858 Tactical 2 P - მუდმივი (არადასაკეცი) ხის კონდახით და ტიბჟირებით, რომლის ლულის სიგრძე შეადგენს 477მმ-ს.  აღნიშნულ ეგზემპლარს ტიბჟირზე დატანილი აქვს კანადის გერბი ნეკერჩხლის ფოთლის სახით.
3.      CZ 858 Tactical 2 V - საკეცი კონდახით (ე.წ. სადესანტო ვარიანტი). აღნიშნული მოდელის ლულის სიგრძეც შეადგენს 477მმ-ს.  
აღნიშნული მოდელების ქარხნული კომპლექტაცია ყველაზე მდიდრულია, რადგანაც გარდა საწმენდი ნაკრებისა, მოყვება 4 ცალი სავაზნე კოლოფი (მჭიდი) თავისი ტყავის ჩასალაგებელი ბუდით, ხიშტ-დანა ტყავის ბუდით და გადასაკიდი ღვედი. მეორე სერიის კარაბინის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ ერთი რამ. ეს კარაბინები დამზადებულია კანადის ბაზრისათვის სადაც კანონმდებლობით ნახევრადავტომატური შაშხანებისთვის დასაშვები ვაზნების რაოდენობა შეადგენს 5 ცალს. ამიტომ მათ მჭიდებს უყენიათ სპეციალური შემზღუდველი, რომელიც არ იძლევა 5ცალზე მეტი ვაზნის ჩატვირთვის საშუალებას. ძირითადად CZ 858 Tactical 2 P და 2 V მოდელების ლულა არ არის ქრომირებული.
აღნიშნული შემზღუდველის მოხსნა ძალიან მარტივია. ამისათვის საკმარისია ბურღის მეშვეობით ამოაგდოთ თხელი ღერძი რომელიც მჭიდის უკანა ნაწილშია გაყრილი, რის შემდეგაც უკვე შეძლებთ მჭიდში 30 ცალი ვაზნის ჩატვირთვას.
4.      CZ 858 Tactical 4 P მუდმივი (არადასაკეცი) კონდახით, რომლის ლულის სიგრძე შეადგენს 390 მმ-ს. აღნიშნული სიგრძე VZ-58 ტიპის კარაბინებში ითვლება სტანდარტულად.
5.      CZ 858 Tactical 4 V საკეცი კონდახით (ე.წ. სადესანტო ვარიანტი). აღნიშნული მოდელის ლულის სიგრძეც შეადგენს 390 მმ-ს.  
ორივე კარაბინს კომპლექტაციაში მოყვება საწმენდი ნაკრები, გადასაკიდი ღვედი და ორი ცალი 30 ვაზნიანი სავაზნე კოლოფი. ამ კოლოფებს არ გააჩნიათ შემზღუდველი და პირდაპირ იდება 30 ცალი ვაზნა. ეს მოდელები ძირითადად ქრომირებული ლულით და ქრომირებული სავაზნითაა.
ყველა CZ-858 ტიპის კარაბინს მარცხენა მხრიდან ლულის კოლოფის ბოლოში დასმული აქვს მარკირება CZ-858 Tactical და შესაბიმისი სერია (4 V ან P / 2 V ან P). აქვეა დატანილი ჩეზეს სავაჭრო ნიშანი (ლოგოტიპი).
CZ-858 იწყობა ჩეხეთში ჩეზეს ქარხანაში არსებული გამოუყენებელი (სამხედრო წარმოების დროს მორჩენილი) დეტალებსგან,  ან კიდევ ხდება ეგრედწოდებული "НЗ"-ს მარაგებში მორჩენილი იარაღების რესტავრირება / განახლება ქარხნული წესით და შემდგომ CZ-858-ის მარკირების დატანა. მათი დაფარვა არის სულ მთლად ახალი და ლულებიც იდეალურ მდგომარეობაში.
Gazela VZ 58  (Gz58)
იშვიათად საქართველოში გამოჩნდება ხოლმე ვარიანტები სახელწოდებით „Gazela VZ 58”. ეს ეგზემპლარები წარმოადგენს სამხედრო საწყობებიდან ამოღებულ და თავისუფალ ბრუნვაში გაშვებულ ვერსიებს სტანდარტული 390მმ სიგრძის ლულით, რომელთაც გაუქმებული აქვთ ჯერებით სროლის რეჟიმი. ძირითადად მათი მდგომარეობა შელახულია, დაფარვა გადაშორებულია და ცუდად არის რესტავრირებული. ერთადერთი დატვირთვა რის გამოც ღირს მათი შეძენა არის ის, რომ გააჩნია ჩეხეთის საარმიო დამღები და ზოგჯერ იმ სამხედრო ნაწილების დამღები (მარკირებები), სადაც იგი ინახებოდა. ძირითადად ასეთი კარაბინები დამზადებულია 60-70-ან წლებში. მათ შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ ისინი არაა ახალ მდგომარეობაში. აღნიშნული ეგზემპლარებიც თავის დროზე წარმოებული ჩეხეთში ჩეზეს ფაბრიკის მიერ, სპეციალურად არმიისთვის.
CZH 2003 Sport
ეს მოდელები საქართველოში მე არ მინახავს. გამოდის სამი სიგრძის ლულით. მოკლე 295მმ სტანდარტული 390 მმ და გრძელი 482მმ. მწარმოებელი Zbrojovka Praga.
CSA vz. 58 Sporter
აღნიშნული მოდელებიც გამოჩნდა საქართველოს მაღაზიებში, თუმცა მათი ღირებულება ორჯერ მეტია ვიდრე CZ858 მოდელებს აქვთ. მწარმოებელი არის Czech Small Arms. იგი იწარმოება ორ განსხვავებულ კალიბრში 7,62x39 და .223 Remington.
არსებობს სამი ძირითადი სახის ვარიანტი:
1.      Compact 190მმ სიგრძის ლულით და დასაკეცი დუგლუგით;
 
2.      Carbine 300 ან 310 მმ სიგრძის ლულით და დასაკეცი დუგლუგით;
 
3.      Rifle 390 ან 410 მმ სიგრის ლულით და ფიქსირებული (მხოლოდ სიგრძეში რეგულირებადი) ტელესკოპური კონდახით.

ეს მოდელები რათქმაუნდა უფრო დახვეწილი ფურნიტურით გამოირჩევა და რიგ ვარიანტებს ლულის კოლოფზე გააჩნიათ ოპტიკური სამიზნეებისათვის საჭირო სამაგრი ლიანდაგი. გარდა ამისა მწარმოებლის თქმით მათი ლულის კოლოფები (რესივერები) განსხვავებული ტექნოლოგიით მზადდება, ხოლო კარაბინის ლულებს უკვეთავენ Lothar Walther -ს.
 

9 comments:

  1. გამარჯობა. ძალიან საინტერესო სტატიაა მომეწონა.

    გადაწყვეტილი მაქვს შევიძინო აღნიშნული კარაბინი და რას მივაქციო ყურადღება შეძენისას?
    რას დავაკვირდე?

    მადლობა წინასწარ :)

    ReplyDelete
    Replies
    1. გამარჯობა აკაკი :)

      დიდიხანია მოიწერეთ და პასუხის გაცემა ვერ შევძელი. ამის მიზეზი არის ის, რომ ვრცლად ვაპირებ დავწერო სტატია ამ საკითხთან დაკავშირებით, ასე რომ ახლო მომავალში ვრცელი სტატიის სახით გიპასუხებთ ამ შეკითხვაზე :)

      Delete
  2. გამარჯობათ ძალიან მომწონს ეს იარაღი მაგრამ მითხრეს რომ მიზანში არ მიაქვს ზუსტადო ლულას რაღაც ჭირსო , რამდენიმე ტყვიის სროლის მერე მიზანში აღარ მიაქვსო. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს გაგიგიათ ვინმეს ? ძალიან მაინტერესებს. მადლობა წინასწარ.

    ReplyDelete
  3. გამარჯობათ ძალიან მომწონს ეს იარაღი მაგრამ მითხრეს რომ მიზანში არ მიაქვს ზუსტადო ლულას რაღაც ჭირსო , რამდენიმე ტყვიის სროლის მერე მიზანში აღარ მიაქვსო. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს გაგიგიათ ვინმეს ? ძალიან მაინტერესებს. მადლობა წინასწარ.

    ReplyDelete
    Replies
    1. გამარჯობა ლაშა.
      ჩემი პირადი გამოცდილებიდან მინდა ვთქვა, რომ იარაღი იმდენად ზუსტია, რამდენადაც შეიძლება მსგავსი სისტემის იარაღს გააჩნდეს. ლულას რაც შეეხება მოვლის და სისიტემატიური წმენდის შემდეგ არაფერი არ მოუვა. დღეს საქართველოში ხალხი იღლიებს არ იბანს და იარაღის წმენდის კულტურაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ასე რომ ნუ დაუჯერებთ "ვიღაცეების" ნაბოდიალებს და თამამად შეიძინეთ ეს იარაღი არ ინანებთ. რომ ვთქვა თავგადაკრული მოტრფიალე ვარ ამ კარაბინისთქო მოგატყუებ, მაგრამ ამ ფასში ასეთი დონის იარაღი არის ყველაზე რეალური და უდაოდ საუკეთესო შენაძენი :)

      პატივისცემით ბლოგის ავტორი

      Delete
  4. ეს კარაბინი მეც მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ. მთავარი მომენტი იყო ქარხნულ მჭიდებში რბილ თავიანი ექსპანსიური ვაზნების მიწოდება ცოტა ჭირდა. შევუკვეთე 10 ვაზნიანი მჭიდები. პრობლემა მოიხსნა. თვით მჭიდებს ქონდა ყელში უზუსტობა. მცირე დამუშავება და ისინიც ამუშავდნენ. მაგრამ მე მაინც მოკლე მჭიდები მირჩევნია. მოსახრეხებელია

    ReplyDelete
  5. ეს კარაბინი მეც მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ. მთავარი მომენტი იყო ქარხნულ მჭიდებში რბილ თავიანი ექსპანსიური ვაზნების მიწოდება ცოტა ჭირდა. შევუკვეთე 10 ვაზნიანი მჭიდები. პრობლემა მოიხსნა. თვით მჭიდებს ქონდა ყელში უზუსტობა. მცირე დამუშავება და ისინიც ამუშავდნენ. მაგრამ მე მაინც მოკლე მჭიდები მირჩევნია. მოსახრეხებელია

    ReplyDelete
  6. 10 იანი ვაზნები სად შეუკვეთეთ ხომ ვერ დამაკვალიანებდით

    ReplyDelete
  7. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete