TREJO Modelo 1 „Tipo Ráfaga“
1940-ანი წლების მიწურულს მექსიკაში, კონკრეტულად კი პატარა ქალაქ საკატლან-დე-ლას-მანსანასში (Zacatlán de las Manzanas) ავრაამ ტრეხომ (Abraham Trejo), ჩუმად დაიწყო მუშაობა საკუთარ პისტოლეტზე. ავრაამის მამას გაბრიელ ტრეხოს (Gabriel Trejo) ჰქონდა მექანიკური სახელოსნო, რომელიც 1920 წლიდან ფუნქციონირებდა. სახელოსნოში ძირითადად ხდებოდა ავტომებილების სარემონტო სამუშაოები, გარკვეული დეტალების გამოჩარხვა და მორგება. ავრაამ ტრეხო ბავშობიდან ამ სახელოსნოში იზრდებოდა, შესაბამისად კარგად იცოდა სახელოსნოში არსებული ინსტრუმენტების, დანადგარების და მოწყობილობების გამოყენება. როდესაც მისი მამა გაბრიელ ტრეხო არ იმყოფებოდა სახელოსნოში, იგი ჩუმად ცდილობდა დაემზადებინა პისტოლეტისთვის საჭირო დეტალები.
TREJO Modelo 1 „Tipo Ráfaga“
1949 წელს გაბრიელ ტრეხომ შემთხვევით გაიგო მისი შვილის
გატაცების შესახებ, მაგრამ არ გაბრაზებულა. პირიქით მოეწონა იდეა და კომერციულად გამართლებულადაც
კი ჩათვალა მისი ოფიციალურ წარმოებაში ჩაშვება. მთავარ ნიუანსს, რომელშიც კომერციულ
წარმატებას ხედავდა გაბრიელ ტრეხო, გახლდათ მექსიკაში იმჟამად მოქმედი კანონი ცეცხლსასროლი
იარაღის შესახებ. იმ პერიოდში კანონით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იყო წრიული აალების
.22LR კალიბრის ვაზნაზე გათვლილი სრულიად ავტომატური იარაღი. ავრაამ ტრეხოს პისტოლეტიც
სწორედ ამ ვაზნაზე იყო გათვლილი და ჰქონდა გადამრთველი (ე.წ. სელექტორი), რომლის მეშვებითაც
პისტოლეტს შეეძლო სრული ავტომატური ჯერებით სროლა. გარკვეული ფიქრის, აწონ-დაწონვის
და ყოყმანის შემდეგ გაბრიელ ტრეხომ გადაწყვიტა პისტოლეტის წარმოება და დაარეგისტრირა
კომპანია სახელწოდებით „Armas Trejo S.A.“ (მოგვიანებით ეწოდა Industrias Trejo de
Zacatlán S.A.). ხოლო კომპანიის სავაჭრო ლოგოთ შერჩეულ იქნა ვაშლი. რატომ მაინცდამაინც
ვაშლი? ქალაქი საკატლან-დე-ლას-მანსანასი სახელგანთქმული იყო ვაშლით და ვაშლის სიდრის
წარმოებით. შესაბამისად კომპანიის ლოგოტიპი ვაშლის სახით ატარებდა ერთგვარ სიმბოლურ
დატვირთვას.
საიარაღო ბიზნესში ჩაერთვნენ ტრეხოს ოჯახის სხვა წევრებც. ფოტოზე გამოსახულია მარცხნიდან მარჯვნივ: პისტოლეტის შემქმნელი ავრაამ ტრეხო სოლისი, ოჯახის უფროსი გაბრიელ ტრეხო ანხელისი, ლუსიო ტრეხო და ანხელ ტრეხო სოლისი. ფოტო გადაღებულია 1959 წელს.
თავდაპირველად იწარმოებოდა პისტოლეტის მხოლოდ ერთი ვარიანტი,
თუმცა შემდგომ მოხდა ასორტიმენტის გაზრდა სხვადასხვა ვარიანტების სახით:
TREJO Modelo 1 "Tipo Ráfaga" (Ráfaga ნიშნავს სწრაფსროლს)- .22LR ვაზნაზე. მჭიდის ტევადობა 8 ცალი ვაზნა. ჰქონდა ავტომატური ჯერებით სროლის შესაძლებლობა.
TREJO Modelo 2 Especial
საცდელი სახით მექსიკის არმიისთვის დამზადდა ასევე ორი
მოდელი:
TREJO Modelo 3 - გათვლილი იყო ვაზნაზე .380 ACP. მჭიდის ტევადობა
7 ცალი ვაზნა. მცირე რაოდენობით მზადდებოდა ასევე .32 ACP (7,65mm Browning) ტიპის
ვაზნაზეც.
TREJO Modelo 4 - გათვლილი იყო 9მმ-ან ვაზნაზე. მჭიდის ტევადობა 9 ცალი ვაზნა. აღნიშნული მოდელი სულ საცდელი სახით დამზადდა 28 ცალი.
მოდელების დეტალური ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები შეიგიძლიათ იხილოთ მოცემულ ცხრილში:
გაყიდვების მხრივ ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობდა
პირველი მოდელი TREJO Modelo 1 "Tipo Ráfaga". სხვადასხვა წყაროების თანახმად
ეს პისტოლეტი დამზადდა 13 000 დან 16 000 ერთეულამდე. ხოლო TREJO Modelo 1A დამზზადა
1263 ცალი ეგზემპლარის სახით.
1970 წელს მესქიკაში დაწესდა შეზღუდვა ავტომატურ იარაღზე.
ტრეხოს საოჯახო საიარაღო ბიზნესმა სცადა ამერიკის ბაზრის ათვისება, მაგრამ იქ უკვე
მოქმდებდა 1968 წელს მიღებული კანონი GCA68, რომელიც ზღუდავდა გარკვეული იარაღების შეტანას
სხვა ქვეყნებიდან. ამას დაემატა მექსიკაში დაწყებული სოციალური მღელვარებები ისტორიულად
ცნობილი როგორც „ბინძური ომი“, რის გამოც საწარმო “Armas Trejo” დაიხურა, ხოლო ოჯახმა
გააგრძელა ბიზნესი სხვა კუთხით. ისინი გადაერთვნენ ისეთ სამოქალაქო პროდუქციის წარმოებაზე,
როგორც იყო სოფლის მეურნეობის ტექნიკა და საკვები მრეწველობის დანადგარები. 1973 წელს
ბიზნესი გაფართოვდა და დაწყებულ იქნა ველოსიპედების სამუხრუჭე სისტემების და საჭეების
დამზადება. ხოლო 1994 წელს კომპანია გაფართოვდა რასაც მოჰყვა სატვირთო ტრიციკლების
წარმოების დაწყება.
2010 წელს კომპანია კვლავ დაუბრინდა ცეცხლსასროლი პისტოლეტების
წარმოებას და მცირე პარტიებად დაიწყო განახლებული მოდელების წარმოება. ძირითადი სამოდელო
ხაზი ასე გამოიყურებოდა:
Trejo Modelo 1 GT - გათვლილი .22LR ტიპის ვაზნაზე. მჭიდის ტევადობა
10 ცალი ვაზნა;
Trejo Modelo 2 GT - გათვლილი .22LR ტიპის ვაზნაზე. მჭიდის ტევადობა
11 ცალი ვაზნა საკეტი სავენტილაციო ჭრილების გარეშე;
Trejo Modelo 2 TM - გათვლილი .22LR ტიპის ვაზნაზე. მჭიდის ტევადობა
10 ცალი ვაზნა საკეტი სავენტილაციო ჭრილებით და რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობით;
Trejo Modelo 3 VT და Trejo Modelo 4 - ორივე მოდელი გათვლილია .380 ACP ტიპის ვაზნაზე. წარმოება
დაიწყო 2018 წლიდან.
2010 წლიდან წარმოებული მოდელების ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები შეიგიძლიათ იხილოთ მოცემულ ცხრილში:
აღსანიშნავია, რომ მცირე პარტიებად იწარმოებოდა ასევე
.25 ACP (6,35mm Browning) და .32 ACP
(7,65mm Browning) ტიპის ვაზნებზე გათვლილი ვარიანტებიც.
No comments:
Post a Comment