L39A1 / Envoy

L39A1 მარცხენა და მარჯვენა რაკურსით

1940-ან წლებში დიდი ბრიტანეთის არმიას მასიურად მიეწოდებოდა გრძივად მოსრიალე საკეტის მოქმედებით მომუშავე მჭიდიანი შაშხანა „Lee-Enfield Rifle No.4“ კალიბრით .303 British. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეს შაშხანა წარმოადგენდა ბრიტანელი ფეხოსნების ძირითად საშტატო იარაღს. 1960-ან წლებში ნატოს ქვეყნებმა შეიარაღებაში მიიღეს ვაზნა 7.62х51mm NATO, რომელიც შაშხანის ვაზნების ერთგვარ სტანდარტად იქცა ნატოს წევრი ქვეყნებისთვის. სწორედ ამ პერიოდში, ენფილდში (Enfield) მდებარე ბრიტანეთის სახელმწიფო იარაღის საწარმო „Royal Small Arms Factory“ (RSAF) ჩაერთო საშტატო შაშხანის „Lee-Enfield Rifle No.4“ გადაკეთების პროცესში. გადასაკეთებელი კომპლეკტი მოიცავდა ახალ სამიზნე მოწყობილობებს, ახალ ლულას გათვლილს 7.62х51 mm NATO (.308 Win) კალიბრის ვაზნაზე, ახალ ვაზნაზე მორგებულ ლულის კოლოფს, საკეტს და მჭიდს. ასე გაჩნდა ერთგვარი კონვერსიული შაშხანა, რომელსაც მიენიჭა აღნიშვნა „L8“. იგი ვიზუალურად მარტივად განსხვავდებოდა მისი წინამორბედისგან სწორკუთხოვანი მოყვანილობის მჭიდით.

„Lee-Enfield Rifle No.4“

ამავე პერიოდში სპეციალურად  7.62х51 mm NATO (.308 Win) ტიპის ვაზნაზე შემუშავდა მიზანში სროლისთვის (Тarget-shooting) განკუთვნილი შაშხანა, რომლის წარმოებაც დაიწყო ორი სახელწოდებით. სამხედრო (საარმიო) დანიშნულებით წარმოებულ საასპარეზეო (ე.წ. Match) შაშხანას მიენიჭა აღნიშვნა Enfield L39A1 Target Rifle, რომლის პირველმა საცდელმა პარტიამ 19 ცალი ერთეულის სახით დღის სინათლე იხილა 1968 წელს. ხოლო 1969 წელს გამოჩნდა სამოქალაქო ბაზარისთვის განკუთვნილი შაშხანები, რომელსაც აწარმოებდნენ კომერციული სახელწოდებით „Enfield Envoy Match Rifle“.

L39A1 

სამხედრო შაშხნა L39A1 და მისი სამოქალაქო/კომერციული ვარიანტი Enfield Envoy იწარმოებოდა საშტატო მოდელების No.4 Mk 2, No.4 Mk 1/2 და No.4 Mk 1/3 გადაკეთებით. ეს მოდელები შერჩეული იქნა იმ მიზეზით, რომ მათი სასხლეტის ღერძი ჩამაგრებული იყო ლულის კოლოფში და არა როგორც ადრეულ მოდელებში სასხლეტის დამცავი კავის ფუძეში. ადრეულ მოდელებში ხის დეტალების დასველების და დეფორმაციის შემდეგ სასხლეტ მექნიზმს ახასიათებდა გარკვეული გართულებები, ამიტომ სასხლეტის ღერძი შემდგომ მოდელებში ფიქსირდებოდა ლულის კოლოფში. ამას გარდა სასხლეტის რეგულირება მისი კონსტრუქციიდან გამომდინარე გაცილებით უფრო მარტივი იყო იმ მოდელებზე, რომლებშიც სასხლეტის ღერძი ჩამაგრებული იყო ლულის კოლოფში და არა სასხლეტის დამცავი კავის ფუძეში.

სამოქალაქო ბაზრისთვის დამზადებული შაშხანა Envoy მისი სამხედრო ანალოგისგან (L39A1) გამოირჩეოდა უფრო ხარისხიანი გარეგანი დამუშავებით. მისი ლულა იყო მუქი შავი ფერის პირიალა ოქსიდირებით. ლულის კოლოფის მარცხენა მხარეს დატანილი იყო შესაბამისი მარკირება წარწერის სახით ENVOY

შაშხანები გადაკეთებისას აღიჭურვა სქელკედლიანი 700მმ სიგრძის საასპარეზო ლულით. ლულა დამზადებული იყო ცივი ჭედვის მეთოდით და ჰქონდა 4 ცალი მარჯვნივ მიმართული ჭრილი. ჭრილების ბიჯი შეადგენდა 305მმ-ს. აღსანიშნავია, რომ ლულის როგორც გარე, ისევე შიდა მხარე გადიოდა დამატებით წრთობას.

ასევე შეიცვალა ხის კონდახ-სარეცელიც. კონკრეტულად კი ტიბჟირი და ლულის ზედსადები  მნიშვნელოვნად დამოკლდა. ლულა სარეცელთან შედარებით იყო 380 მმ-ით გრძელი, რაც სახასიათო იერს აძლევდა შაშხანას. ამას გარდა ცვლილებას დაექვემდებარა სამიზნე მოწყობილობები, რომელიც გახდა მოხსნადი და მორგებული იყო  7.62х51 mm NATO-ს ტიპის ვაზნის ბალისტიკურ მახასიათებლებზე.

გარდა 7.62х51 mm NATO-ს ვაზნაზე გათვლილი 10 ცალ ვაზნიანი მჭიდისა, საასპარეზო შაშხანა მაზადდებოდა ასევე ძველ საშტატო .303 British ვაზნაზე გათვლილ მჭიდზეც. თუმცა ამ შემთხვევაში შაშხანა მუშაობდა როგორც 1 მუხტიანი (ანუ მსროლელი ყოველი გასროლიასას სათითაოდ ახდენდა ვაზნის ჩადებას იარაღში) და მჭიდი ასრულებდა მხოლოდ ერთგვარი ბუტაფორიული საყრდენის დანიშნულებას.

მოქმედების პრინციპით L39A1 (ასევე სამოქალაქო ვარიანტი Envoy) არაფრით განსხვავდებოდა მისი წინამორბედისგან. იყენებდა გრძივადმოსრიალე საკეტს, მოხსნად მჭიდს და სროლისას გადატენვა ხდებოდა მსროლელის მიერ საკეტის ზელით შემობრუნებით. საკეტის სახელური იყო მოხრილი ქვემოთ და ლულის ჩაკეტვას უზრუნველყოფდა 2 ცალი საბრძოლო ბჯენის მეშვეობით. შაშხანის ორსაფეხურიან სასხლეტს ჰქონდა რეგულირების შესაძლებლობა. პირველი საფეხური მოითხოვდა 1,13-1,59 კგ-მდე დაწოლას, ხოლო მეორე საფეხური 1,81-2,04 კგ-მდე.

მცველი წარმოადგენდა მბრუნავ ბერკეტს, რომელიც ლულის კოლოფის მარცხენა უკანა მხარეს იყო განთავსებული და მასზე ზემოქმედება მარტივად ხდდებოდა მსროლელის მარჯვენა ხელის ცერა თითით ისე, რომ არ იყო საჭირო არც სასხლეტიდან თითის აღება და არც იარაღის პოზიციის (ჭერის) შეცვლა.

შაშხანის ვაზნებით კვება გადაწყვეტილი იყო 10 ცალ ვაზნაზე გათვლილი ორრიგიანი მოხსნადი კოლოფისებური მჭიდით, რომელშიც ვაზნები ჭადრაკული წყობით თავსდებოდა. მჭიდის ვაზნებით შევსება შესაძლებელი იყო ლულის კოლოფის ზემოთა მხრიდან შესრულებული ფანჯრიდან ვაზნების სათითაოდ ჩალაგებით, ან 5 ცალ ვაზნიანიანი დამჭერი კლიპებით (ე.წ „აბომით“).

ლულის ცხვირზე დამაგრებული იყო ცილინდრული ფორმის წინა სამიზნის დამცავი რგოლი, ხოლო უკანა სამიზნე დამკვეთის მოთხოვნიდან გამომდინარე შეიძლებოდა ყოფილიყო ღია მეანიკური სახის, ან სპორტული დიოპტრის (აპერტურული) ტიპის. დიოპტრულ სამიზნეს ჰქონდა მიკრომეტრული რეგულირების შესაძლებლობა როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურ სიბრტყეში.

კონდახი შესრულებული იყო სწორი მოყვანილობის ყელით და გადადიოდა მსუბუქად გამოხატულ ნახევრადპისტოლეტისებურ სახელურში. კონდახის დამაგრება ლულის კოლოფზე ხდებოდა მოგრძო ხრახნის მეშვებით, რომელიც კონდახის საზურგედან გადიოდა ლულის კოლოფამდე. კონდახის ზურგზე დამაგრებული იყო თითბერის საზურგე, რომელსაც ჰქონდა პატარა კარებიანი სათავსო იარაღის საწმენდი აქსესუარების შესანახად. ხის დეტალების სრული კომპლექტი შედგებოდა კონდახისგან, სარეცელისგან, ტიბჟირისგან და ლულის ზედსადებისგან. ლულის ზედსადები მაგრდებოდა იარაღზე ერთი ცალი მოძრავი ხამუთისებრი რგოლის მეშვეობით.

1960-ანი წლების მიწურულს ინგლისის არმიას დაუდგა 7.62х51mm NATO (.308 Win) ტიპის ვაზნაზე გათვლილი სნაიპერული შაშხანის საჭიროება. ახალი შაშხანის შემუშავებისას საფუძვლად აღებულ იქნა საასპარეზო „L39A1“ და მის ბაზაზე შემუშავდა მოდელი, რომელიც შემდგომ შეიარაღებაში მიიღეს აღნიშვნით „L42A1“. სტატია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე > სნაიპერული შაშხანა L42A1

კალიბრი

7.62х51mm NATO (.308 Win)

სიგრძე

1180 მმ

ლულის სიგრძე

700 მმ

წონა ვაზნების გარეშე

4.42 კგ

მჭიდის ტევადობა

10 ცალი ვაზნა

ტყვიის საწყისი სიჩქარე

841 მ/წამი

სამიზნე თამასაზე არსებული დანაყოფი

1200 მეტრამდე

No comments:

Post a Comment