Iver Johnson TP22 / TP25

Iver Johnson TP25

1970-ანი წლების მიწურულს გერმანულმა კომპანიამ Erma Werke წარმოადგინა წრიული აალების .22LR ტიპის ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტი Model EP 752S, რომელიც Walther PPK -ს ერთგვარ კოპიოს წარმოადგენდა. ამავე პერიოდში ასევე გამოჩნდა მისი ვარიანტი Erma Model EP 552 S (.22LR ტიპის ვაზნაზე) და Model EP 555 S (.25 ACP ტიპის ვაზნაზე). Model EP552 S და Model EP555 S  წარმოადგენდა Walther PPK-ს იდენტურ პისტოლეტს მხოლოდ ოდნავ შემცირებული გაბარიტებით.

ERMA Model EP552 S

Model EP552 S და Model EP555 S მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით, ჰქონდა ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი და საკეტ-გარსაცმზე მარცხენა მხრიდან შესრულებული დროშისებური მცველი. სხვაობას Walther PPK -სთან შედარებით წარმოადგენდა მჭიდის ღილაკ ფიქსატორი, რომელიც სახელურის ძირზე იყო განთავსებული.

პისტოლეტის საკეტი მზადდებოდა ალუმინის შენადნობისგან იმისათვის, რომ ავტომატიკას მცირეკალიბრიან ვაზნაზე სათანადოდ ემუშავა და მომხდარიყო თავისუფალი საკეტის შესაბამისი უკუცემა.

80-ანი წლების დასაწყისში ამერიკულმა კომპანიმ „Iver Johnson“ გააფორმა ხელშეკრულება გერმანულ კომპანიასთან „Erma Werke“, რომლის თანახმად კომპანია გერმანიიდან მიაწვდიდა „Iver Johnson“-ს Model EP552 S-ის და Model EP555 S-ის  მზა დეტალებს (ლულა, საკეტი, სასხლეტი მექანიზმის დეტალები), რის შემდეგაც „Iver Johnson“ საკუთარი ძალებით დაამზადებდა პისტოლეტისთვის განკუთვნილ ჩარჩოებს და საბოლოო სხით ააწყობდა ამერიკის ბაზრისთვის.

 Iver Johnson TP22

შესაბამისად 1981 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში კომპანია „Iver Johnson“-მა ოფიციალურად დაიწყო პისტოლეტების წარმოება შემდეგი აღნიშვნით: Iver Johnson TP22 (.22LR კალიბრის ვაზნაზე) და Iver Johnson TP25 (.25 ACP კალიბრის ვაზნაზე).

1982 წელს პისტოლეტები პირველად გამოჩნდა „Iver Johnson“-ის სავაჭრო კატალოგებში. აღნიშნულ ფოტოზე სწორედ 1982 წლის სავაჭრო კატალოგიდან ამოღებული გვერდია, რომელზეც გამოსახულია Iver Johnson TP22 (.22LR კალიბრის ვაზნაზე).

როგორც უკვე ავღნიშნეთ პისტოლეტების წარმოება დაიწყო 1981 წელს და გაგრძელდა 1989 წლამდე. 1983 წლამდე პისტოლეტები იწარმოებოდა ნიუ ჯერსიში და საკეტის მარცხენა მხარეს დატანილი იყო წარწერა „MIDDLESEX, N.J.“, ხოლო 1983 წლიდან წარმოება გადავიდა არკანზასში, შესაბამისად შეიცვალა პისტოლეტის საკეტის მარცხენა მხარეს არსებული წარწერა და გამოჩნდა „JACKSONVILLE, A.R.“. 

ადრეული პისტოლეტი წარწერით „MIDDLESEX, N.J.“ და მისი ორიგინალური მუყაოს კოლოფი


პისტოლეტი წარწერით „JACKSONVILLE, A.R.“ და მისი ორიგინალური მუყაოს კოლოფი

ამავე პერიოდში შეიცვალა სახელურის ლოყებზე არსებული კომპანია „Iver Johnson“ -ის სავაჭრო ლოგოტიპი. რომელიც თავიდან წარმოადგენდა მხოლოდ ბუს თავს, შემდეგ კი ბუს ტორსს. ასევე აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად პისტოლეტების საკეტის მარჯვენა მხარეს დატანილი იყო წარწერა “DESIGN BY ERMA-WERKE”.

ამერიკის ალკოჰოლის, თამბაქოს, იარაღის და ასაფეთქებელი მასალების ბიუროს BATFAE (Bureau of Alcohol, Tobacco, Firearms and Explosives) ყოველწლიური ანგარიშის თანამხად 1983 წლის მდგომარეობით დამზადებული პისტოლეტების რაოდენობამ შეადგინა:

წელი

მოდელი

რაოდენობა

1981

TP25

11 ,656 ცალი

1982

TP25

1576 ცალი

1983

TP25

100 ცალი

1982

TP22

1527 ცალი

1983

TP22

2846 ცალი

1983 წლის ჟურნალ “American Handgunner”-ის ივლისი-აგვისტოს ნომერში გამოჩნდა სარეკლამო სტატია, რომელშიც Montville-ის ნიუჯერსის პოლიციის დეპარტამენტის კაპიტანი  კარლ დებაკო (Carl DeBacco) წერდა, რომ ოფიცრებმა ფარულად სატარებლად, როგორც Back-up ტიპის იარაღი, შეიძინეს 38 ცალი პისტოლეტი Iver Johnson TP22. 

1983 წლის ჟურნალ “American Handgunner”-ის ივლისი-აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებული სტატტის გვერდი. გადიდებისთვის დააჭირეთ ფოტოს

რიგ წყაროებს თუ დავუჯერებთ აღნიშნული სტატტის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა გაყიდვები Iver Johnson TP22/TP25-ზე და სხვადასხვა შტატებში პოლიციის ოფიცრებმა დაწიყეს მისი შეძენა საკუთარი სახსრებით. ცნობისთვის იმ პერიოდში პისტოლეტის ღირებულება შეადგენდა 140 დოლარს.

ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები

(ტტმ)

კალიბრი/ვაზნა:

5,6mm/.22LR (მოდელი TP22)

6,35mm/.25ACP (მოდელი TP25)

სიგრძე:

137 მმ

სიმაღლე:

98 მმ

სისქე (სიგანე):

23 მმ

ლულის სიგრძე:

72,5 მმ

წონა (ცარიელი):

406 გრამი

მჭიდის ტევადობა:

7 ცალი ვაზნა

იაპონური Nambu (ნაწილი 2)

 Nambu Type 14 (Taishō 14)

1924 წელს იაპონიაში გადამუშავებას დაექვემდებარა პისტოლეტი Nambu Type A და გამოჩნდა მისი მოდიფიკაცია რომელიც ცნობილი გახდა აღნიშვნით Nambu Type 14 (Taishō 14). ძირეულ განსხვავებას წარმოადგენდა ის, რომ პისტოლეტის კონსტრუქციიდან ამოღებულ იქნა სახელურზე განთავსებული კლავიშისებური მცველი და ნაცვლად ერთი დამაბრუნებელი ზამბარისა, კონსტრუქციაში ჩაიდო საკეტის სიმეტრიულად განლაგებული 2 ცალი დამაბრუნებელი ზამბარა. ამას გარდა გამარტივდა პისტოლეტის გარკვეული კვანძები, რამაც უფრო ტექნოლოგიური და დამზადებისთვის მარტივი გახადა პისტოლეტი. ასევე გამარტივების მიზნით კონსტრუქციიდან ამოღებულ იქნა რეგულირებადი სექტორული სამიზნე მოწყობილობა, შეიცვალა პისტოლეტის სახელურის და გადასატენი სახელურის ფორმა. გადასატენი სახელური წარმოადგენდა ერთგვარ დიდი ზომის ჭანჭიკს, რომელსაც მსროლელი კიდებდა ხელს და მისი უკან მოქაჩვით ახდენდა პისტოლეტის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანას.

გადამუშავებული პისტოლეტი 1925 წელს ოფიციალურად იქნა მიღებული იაპონიის არმიის შეიარაღებაში. აღნიშვნა Nambu Type 14 უკავშირდება იაპონური წელთაღრიცხვის სისტემას. იაპონიაში კონკრეტული პერიოდის დასაწყისის ათვლა ხდებოდა მაშინ, როდესაც ტახტზე ავიდოდა ახალი იმპერატორი. 1912 წელს ტახტი დაიკავა იმპერატორმა იოსიხიტომ, შესაბამისად 1912 წლიდან დაიწყო ახალი კალენდარული წლის ათვლა, ხოლო 1925 წელს დაიწყო იმპერატორის მმართველობის მე-14-ე წელი. სწორედ ამიტომ პისტოლეტს მიენიჭა აღნიშვნა Type 14.

Nambu Type 14 (Taishō 14) ადრეული ვარიანტი 

ექსპერიმენტალური Nambu Type A

Nambu Type 14-ის შემუშავების პარალელურ რეჟიმში 1920-ან წლებში იაპონონელები ატარებდნენ ექსპერიმენტებს, რომელიც ადრეული Nambu Type A-ს საბრძოლო თვისებების და ტექნიკური მახასიათებლების გაუმჯობესებას მოიცავდა. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში შემუშავდა ექსპერიმენტალური პისტოლეტი, რომელიც იყენებდა გაზრდილი ტევადობის ორრიგიან მჭიდს. 

ექსპერიმენტალური Nambu Type A ორრიგიანი მჭიდით

გარკვეული წყაროების თანამხად ამ პისტოლეტის მჭიდში ჩადიოდა 15 ცალი 8x22mm Nambu ტიპის ვაზნა. რამდენადაც ცნობილია სულ ჯამში დამზადებულ იქნა 10-12 ერთაული, რის შემდეგაც სამუშაობი მხოლოდ Nambu Type 14-ზე გაგრძელდა.

პისტოლეტი Nambu Type 14 (იგივე Nambu 1925) მისი წინამორბედი  Nambu Type A-ს იდენტურ ჩაკეტვის მექანიზმს იყენებდა და მუშაობდა ლულის მოკლე სვლის პრინციპით.  პისტოლეტის ჩარჩოს სახელურის წინა ნაწილში შესრულებული ჰქონდა მიმმართველები, რომელზეც სასხლეტი კავის დამცავი და სასხლეტი ერთიანი მოდულის სახით მაგრდებოდა. შესაბამისად ეს დეტალი მთლიან მოხსნად ბლოკს წარმოადგენდა. ასევე სახელურის ლოყებს წინამორბედი მოდელისგან (Nambu Type A) განსხვავებით ჰქონდა ჰორიზონტალური ნაჭდევები და არა რომბისებური.

პისტოლეტის უკანა სამიზნე მოწყობილობა შესრულებულია ჩარჩოზე და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს, ხოლო წინა სამიზნე ცალკე დეტალის სახითაა შესრულებული და დამაგრებულია ლულის ცხვირზე მერცხლის კუდის ტიპის სამაგრით.

პისტოლეტი აღჭურვილია დროშისებური მცველის ბერკეტით, რომელიც ჩარჩოზე მარცხენა მხრიდან არის განთავსებული. უკანა პოზიციაში გადაწევისას მცველი თავის ღერძით ახდენს სასხლეტის და პისტოლეტის მოძრავი დეტალების (ლულა, ლულის კოლოფი და საკეტი) ბლოკირებას. გარდა მექანიკური მცველისა, პისტოლეტს ასევე გააჩნია მჭიდის ავტომატური მცველი. თუ სახელურში არაა მოთავსებული მჭიდი,  ავტომატურად აქტიურდებდა შიდა მცველი და გასროლა შეუძლებელია. ხოლო სახელურში მჭიდის მოავსებისას მჭიდის ავტომატური მცველი ითიშება.

პისტოლეტში გამოიყენებოდა 8x22mm Nambu ტიპის გადამუშავებული საშტატო ვაზნა, რომლის ბალისტიკური მახასიათებლები 117მმ სიგრძის ლულიდან სროლისას მცირედით გაიზარდა. ტყვიის საწყისი სიჩქარე შეადგენდა 315მ/წამს, ხოლო ენერგია ლულის ცხვირიდან გამოსვლისას აღწევდა 330 ჯოულს. 

პისტოლეტს ჰქონდა რიგი დადებითი და რიგი უარყოფითი ფაქტორები. დავიწყოთ დადებითით: 1. გასროლის დროს უკუცემა იყო რბილი, რაც აადვილებდა პისტოლეტის კონტროლს და სამიზნე ხაზზე სწრაფად დაბრუნებას; 2. სახელურის დახრის კუთხე მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა პისტოლეტის ერგონომიულობას; 3. პისტოლეტის სიზუსტე იმ პერიოდის საარმიო თვითდამტენ პისტოლეტებთან შედარებით იყო საკმაოდ მაღალ დონეზე.

რაც შეეხება უარყოფით ფაქტორების ჩამონათვალს, იგი ასე გამოიყურებოდა: 1. ტყვიის არასათანადო შემაკავებელი მოქმედება; 2. სუსტი საბრძოლო ზამბარა, რაც ხშირად ხდებოდა მტყუნების მიზეზი; 3. დროშისებური მცველის ბერკეტის ისეთი, განლაგება, რომელზე ოპერირებისთვისაც საჭირო ხდებოდა პისტოლეტის შემობრუნება ხელში, ან მეორე ხელის გამოყენება; 4. მიუხედავად იმისა, რომ Nambu Type 14 იყო მის წინამორბედთან შედარებით უფრო ტექნოლოგიური, იგი მაინც რჩებოდა წარმოებისთვის რთულ და ძვირიან პისტოლეტათ.

წარმოების პროცესში პისტოლეტის კონსტრუქციამ განიცადა გარკვეული ცვლილებები. პისტოლეტის სასხლეტის დამცავი კავი თავდაპირველად იყო ზედმეტად მცირე ზომის, რაც ართულებდა ხელთათმანით სროლას. სწორედ ამიტომ 1939 წელს მის კონსტრუქციაში შევიდა ცვლილება. სასხლეტის დამცავი კავი გახდა უფრო განიერი, რისი მეშვეობითაც მსროლელს ზამთრის პირიოდში კომფორტულად შეეძლო ხელთათმანით სროლა. 

ზემოთ გადამუშავებული Type 14 ხოლო ქვემოთ ადრეული ვარიანტი

1940 წელს პისტოლეტის სახელურზე ქვედა წინა ნაწილში გამოჩნდა ფირფიტისებური  ზამბარა, რომელიც გამორიცხავდა მჭიდის ღილაკ ფიქსატორზე შემთხვევითი დაჭერის დროს მჭიდის თვითნებურ ჩამოვარდნას სახელურიდან.

ზემოთ ადრეული საცემი, ხოლო ქვემოთ გადამუშავებული

1942 წელს დამოკლდა საცემი ნემსა და შეიცვალა მისი გეომეტრია (საცემის წვერი გახდა უფრო სხვილი), რაც მინიმუმამდე ამცირებდა მტყუნების ალბათობას და აუმჯობესებდა კაფსულ მაალებლის აალებას.

პისტოლეტი ქარხნულად დაკომპლექტებული იყო ტყავის ბუდით (ე.წ. კაბურით), სათადარიგო მჭიდით, საწმენდი ღეროთი (ე.წ. ზუმბა) და თასმით. დღეს Nambu Type 14-ის ორიგინალური აქსესუარების სრული ნაკრები ისევე ძვირად ფასობს კოლექციონერებისთვის, როგორც თავად პისტოლეტი.

ვინაიდან პისტოლეტი ოფიციალურად მიიღო შეიარაღებაში იაპონიის არმიამ, სასწრაფო წესით იქნა დაწყებული საწარმოო ხაზის გამართვა სხვადასხვა ტერიტორიაზე. ცხრილის სახით გთავაზობთ წლების და წარმოების თვალსაჩინო გრაფიკს თუ რომელ ქარხანაში და რომელ წელს ხდებოდა წარმოება.

როგორც გრაფიკიდან ჩანს, პისტოლეტის Nambu Type 14 წარმოება თავდაპირველად დაწყებულ იქნა 1926 წელს ქალაქ ნაგოიაში მდებარე არსენალში (Nagoya Chigusa). 1932 წელს აღნიშნულ ფაბრიკაში შეწყდა მისი წარმოება. პარალელურად 1928 წელს საწარმოო ხაზი გაიმართა ტოკიოში მდებარე ქარხანაში Koishikawa. წარმოება ამ ქარხანამ შეწყვიტა 1934 წლის მიწურულს. 1932 წლის მიწურულს კიდევ ერთი ქარხანა Kokura ჩაერთო Nambu Type 14-ის წარმოებაში. არსებობს ინფორმაცია, რომ დაახლოებით 1933 წლიდან 1935 წლის მარტამდე Kokura ამზადებდა პისტოლეტებს, რომელთა გარკვეული დეტალების ნაწილი ტოკიოში მდებარე Koishikawa-ს ქარხნიდან იყო მიწოდებული, ხოლო შემდგომ უკვე მთლიანად საკუთარ სწარმოო ხაზში დამზადებული დეტალებით ხდებოდა პისტოლეტების აწყობა. 1933 წლის მიწურულს პისტოლეტის წარმოება დაიწყო  ქარხანა Kokubunji-ს ტერიტორიაზე განთავსებულმა კომპანიამ, რომელიც კიჯირო ნამბუს შაშხანების კომპანიის სახელწოდებით იყო ცნობილი. მოგვიანებით ამ კომპანიამ შეიცვალა სახელწოდება და ეწოდა „Chuo Kogyo Co“. Kokubunji-ს ტერიტორიაზე პისტოლეტების წარმოება გაგრძელდა 1944 წლის ზაფხულამდე, რის შემდეგაც საწარმო გადაერთო ახალი პისტოლეტის Nambu Type 94 -ის გამოშვებაზე (ამ პისტოლეტზე სტატიის მესამე ნაწილში ვისაუბრებთ). გარდა ზემოთჩამოთვლილი ქარხნებისა, 1941 წლის მიწურულს Nambu Type 14-ის წარმოება დაიწყო Nagoya-ში მდებარე ქარხანაში Nagoya Toriimatsu, რომელიც გაგრძელდა 1945 წლის ბოლომდე.

როგორ უნდა განვსაზღვროთ კონკრეტული Nambu Type 14-ის გამოშვების წელი? პისტოლეტის ჩარჩოზე მარჯვენა მხარეს დატანილია მარკირება ციფრების სახით. მაგალითად: 19.5 სადაც პირველი რიცხვები განსაზღვრავს დამზადების წელს იაპონური წელთაღრიცხვით, ხოლო მეორე განსაზღვრავს დამზადების თვეს.  იმისათვის რომ ზუსტად დავადგინოთ წელი, საჭიროა 1925 წელს დავუმატოთ პისტოლეტის მარკირებაში მოცემული პირველი რიცხვები (1925+19=1944 წელს).  

როგორ უნდა განვსაზღვროთ რომელი ფაბრიკის/ქარხნის მიერ არის დამზადებული პისტოლეტი Nambu Type 14? ყველა ქარხანა პისტოლეტის ჩარჩოზე ახდენდა შესაბამის მარკირებას, რომელიც ცხრილშია მოცემული.

სხვადასხვა ქარხნის/ფაბრიკის მიერ და სხავადასხვა პერიოდში დამზადებული პისტოლეტები შესაძლოა განსხვავდებოდეს გარკვეული დეტალებით.

ასევე წლების მიხედვით განსხვავდებოდა პისტოლეტის ჭანჭიკისებური გადასატენი სახელურის ფორმა თავდაპირველად მას ჰქონდა წრიული ამონაჭრელი ღარები, ხოლო შემდეგ ეს ღარები აღარ კეთდებოდა და მხოლოდ რომბისებური ხორკლებით ფორმირდებოდა. 

გადასატენი სახელურის სხვადასხვა ვარიანტები 1. ადრეული; 2. წვრილი ხორკლებით; 3. მსხვილი ხორკლებით

ამას გარდა წარმოების გამარტივების მიზნით 1944 წლის შემოდგომიდან სახელურის ლოყებზე აღარ ხდებოდა ნაჭდევების დატანა და უბრალოდ გლუვი ხის ლოყებით იწარმოებოდა.

პისტოლეტი Nambu Type 14 გლუვი ლოყებით

Nagoya Chigusa

Nagoya Chigusa-ს მიერ დამზადებული პისტოლეტის სახელურის ლოყებს ჰქონდა 25 ან 26 ჰორიზონტალური ზოლი ნაჭდევის სახით. ადრეული პისტოლეტების მცველთან არ იყო შესრულებული ისრისებური მარკირება, ხოლო მოგვიანებით დამზადებულ ეგზემპლარებზე ხდებოდა ისრის დატანა. დამახასიათებელ თავისებურებას წარმოადგენდა ის, რომ Nagoya Chigusa-ს მიერ წარმოებულ პისტოლეტბზე წლის და თვის აღმნიშვნელი მარკირების დატანა ხდებოდა მძიმეს გამოყენებით (მაგალითად 7,4) და არა წერტილით, როგორც გხვდება Nambu Type 14-ის სხვა მწარმოებლების შემთხვევაში.

ტოკიოს არსენალი Koishikawa და საწარმოო ხაზი Kokura

პისტოლეტები, რომელიც დამზადებული იყო ტოკიოს არსენალის (Koishikawa) მიერ,  ასევე კომპანია Kokura-ს საწარმოო ხაზში (Kokura თავდაპირველად აწყობდა პისტოლეტებს, რომლის დეტალებიც დამზადებული იყო ტოკიოს არსენალის Koishikawa მიერ, ხოლო შემდგომ უკვე მთლიანად საკუთარ წარმოებაზე გადავიდა) გამოირჩეოდა სახასიათო მარკირებით ერთმანეთში გარდამავალი 4 ცალი წრის სახით (გარკვეულ წყაროებში გხვდება ინფორმაცია, რომ ეს სიმბოლო წარმოადგენდა ზარბაზნის სფეროსებურ ჭურვებს). პისტოლეტები რომელიც დამზადებული იყო მთლიანად  Kokura -ს საწარმოო ხაზის მიერ ჩარჩოზე მარჯვენა მხრიდან მარკირებულია სიმბოლოებით   ან . პისტოლეტებს რომელიც აწყობილი იყო Kokura-ს საწარმოში, მაგრამ ტოკიოს არსენალის  (Koishikawa) მიერ დამზადებული დეტალებით, არ ჰქონდა ზემოთ მოყვანილი მარკირება, მაგრამ ჩარჩოს მარცხენა მხარეს დატანილი ჰქონდა სიმბოლო . თუ პისტოლეტი მარკირებულია მხოლოდ ერთმანეთში გარდამავალი 4 ცალი წრის სახით და არ გააჩნია სხვა სიმბოლები, მაშინ იგი მთლიანად ტოკიოს არსენალის (Koishikawa) მიერ არის დამზადებული.

ქარხანა Kokubunji

ქვემოთა პისტოლეტი დამზადებულია ქარხანა Kokubunji-ს მიერ. იგი გამოირჩევა იმით რომ სახელურის ლოყებს გააჩნია 17 ცალი ნაჭდევი ხაზი

Nagoya Toriimatsu 

ფოტოზე გამოსახულია მეორე მსოფლიო ომის მიწურულს ქარხანა Nagoya Toriimatsu მიერ დამზადებული პისტოლეტი. იგი გამოირჩევა იმით, რომ სახელურის ლოყებს არ გააჩნია ნაჭდევები. ასევე ამ პერიოდში არ ხდებოდა მისი გარეგანი დამუშავება, დაფარვა იყო უხარისხო და პისტოლეტს ეტყობოდა ჩარხების კვალი. ფაქტიურად ეს იყო ერთგვარი ერზაც იარაღი, რომელიც სასწრაფო წესით მზადდებოდა.

ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები (ტტმ)

Nambu Type 14

კალიბრი/ვაზნა:

8მმ / 8x22mm Nambu

საერთო სიგრძე:

230 მმ

ლულის სიგრძე:

117 მმ

სიმაღლე:

153 მმ

წონა (მასა):

900 გრამი ვაზნების გარეშე*

მჭიდის ტევადობა:

8 ცალი ვაზნა

*ვაზნების გარეშე 960 გრამს შეადგენდა პისტოლეტის წონა რომელსაც ჰქონდა დიდი ზომის სასხლეტის დამცავი კავი, სახელურის ლოყები ჰქონდა ჰორიზონტალური ნაჭდევების გარეშე და საკეტის სახელურის ჭქნჭიკი იყო წრიული ღარების გარეშე.

Semmerling LM-4

Semmerling LM-4

1970-ან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში იარაღის კონსტრუქტორმა ფილიპ ლიხტმანმა (Philip R. Lichtman) დაიწყო მუშაობა ჯიბის პისტოლეტებზე. მთავარ გათვლას წარმოადგანდა ის რომ პისტოლეტი მისი მცირე გაბარიტებიდან გამომდინარე უნდა გაყიდულიყო როგორც  “back-up”  ან ეგრეთწოდებული „უკანასკნელი შანსის“ იარაღი, რომელსაც ძირითად საშტატო პისტოლეტთან ერთად გამოიყენებდნენ სხვადასხვა სამართალდამცავი და ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები. ასევე გათვლა იყო სამოქალაქო იარაღის ბაზარზეც. პროტოტიპებზე მუშაობისას ფილიპ ლიხტმანის მიერ შეიქმნა პისტოლეტების მთელი სერია, რომელშიც შედიოდა: მექანიკურად (მსროლელის მიერ ხელით გადასატენი) მოდელი LM1; 

ლიხტმანის მეორე მოდელი პისტოლეტი LM2

თვითდამტენი პისტოლეტი LM2 (გათვლილი იყო .380 ACP ტიპის ვაზნაზე), თვითდამტენი პისტოლეტი LM3 (გათვლილი იყო .45 ACP ტიპის ვაზნაზე).

პროტოტიპი LM3 

ასევე მოგვიანებით შეიქმნა პისტოლეტი XLM (გათვლილი იყო .45 ACP ტიპის ვაზნაზე, ლულის ცხვირზე ჰქონდა მაყუჩის სამაგრი ხრახნი და მსროლელს შეეძლო ლულის ბლოკის გადაკეტვა სპეციალური ბერკეტით.

რიგი წყაროების თანახმად აღნიშნული მოდელი ამერიკის არმიისთვის გადიოდა გამოცდებს, თუმცა პირველადი გამოცდების იქით საქმე აღარ წასულა. საბოლოოთ ყველა ზემოთნახსენები პისტოლეტი დარჩა მხოლოდ პროტოტიპად და რამოდენიმე საცდელი ეგზემპლარის სახით იქნა დამზადებული.

ფილიპ ლიხტმანი (Philip R. Lichtman) სახელოსნოში

ზემოაღნიშნული პისტოლეტების სერიაზე მუშაობისას დაგროვებული გამოცდილების შედეგად, 1978 წელს ფილიპ ლიხტმანმა წარმოადგინა საკუთარი კონსტრუქციის პისტოლეტი სახელწოდებით LM-4 (დასახელებაში აბრევიატურა „LM“ იშიფრება როგორც „Lichtman Model“. 

Semmerling LM-4

აღნიშნულ პისტოლეტზე ამერიკული პატენტი გაცემულ იქნა 1979 წლის 22 მაისს. აღსანიშნავია, რომ ფილიპ ლიხტმანის სახელზე გაცემული იქნა 4 პატენტი, რომელიც ეხებოდა პისტოლეტის კონსტრუქციის გარკვეულ კვანძებს. შესაბამისად სხვადასხვა წყაროებში გვხვდება ინფორმაცია, რომ მოდელის დასახლებაში (LM-4)  ციფრი 4 სწორედ პატენტების რაოდენობას ნიშნავდა. (მაგალითისთვის გასტონ გლოკის ლეგენდარული Glock 17-ის და Glock 19-ის დასახელაბა სწორედ პატენტების რაოდენობას უკავშირდება. Glock 17-ის შექმნისას გასტონ გლოკის სახელზე ირიცხებოდა 17 ცალი პატენტი, ხოლო Glock 19-ის შექმნისას 19 ცალი პატენტი). თუმცა ფილიპ ლიხტმანის შემთხვევაში ჯერ კიდევ პატენტის მიღებამდე დაერქვა პროტოტიპს LM-4, შესაბამისად პატენტების რაოდენობა 4 და მოდელის დასახელება LM-4 არის უბრალოდ დამთხვევა.

როგორც უკვე ავღნიშნეთ სტატიის ზემოთ, პისტოლეტი LM-4 შეიქმნა როგორც თავდაცვისთვის განკუთვნილი, ეგრეთწოდებული მეორე (დამხმარე) იარაღის სახით ფარულად სატარებელი მცირეგაბარიტიანი მოდელი. ფილიპ ლიხტმანმა მასაჩუსეცის შტატში კომპანია „Semmerling Corp“-ის სახელოსნოში და დაიწყო LM-4-ის წარმოაბა. სწორედ ამიტომ პისტოლეტის სახელწოდებას წინ დაემატა კომპანიის დასახელება და გახდა „Semmerling LM-4“.

Colt M1911 და Semmerling LM-4

შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მცირეგაბარიტიანი პისტოლეტისთვის როგორიც იყო Semmerling LM-4, მასში გამოიყენებოდა საკმაოდ ძლიერი ვაზნა. კონკრეტულად „Semmerling LM-4“ გათვლილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების საშტატო პისტოლეტის ვაზნაზე .45 АСР. ასეთი გადაწყვეტილება განპირობებული იყო რამოდენიმე ფაქტორით: 1. ვაზნა .45 АСР გამოირჩევა კარგი შემაჩერებელი მოქმედებით, რაც თავდაცვითი და უკანასკნელი შანსის იარაღისთვის სწორ გათვლას წარმოადგენდა; 2. იმ პერიოდში ამერიკის არმიის და სამართალდამცავი/ძალოვანი უწყებების რიგების შეიარაღებაში იყო M1911 პლატფორმის პისტოლეტები, რომელიც ასევე .45 ACP კალიბრის ვაზნებს იყენებდა, შესაბამისად აქაც სწორ გათვლას ჰქონდა ადგილი; 3. ფაქტიურად „Semmerling LM-4“-ის სახით ბაზარზე გამოჩნდა იმ დროისთვის ყველაზე მცირე ზომის მჭიდიან პისტოლეტი, რომელშიც გამოიყენებოდა .45 ACP ტიპის ვაზნა.

კონსტრუქციულად პისტოლეტი არის მარტივი, რადგან მას არ გააჩნია ავტომატიკის მოქმედების პრინციპი, არც დამაბრუნებელი ზამბარა და არც ჩაკეტვის რაიმე რთული მექანიზმი. Semmerling LM-4 სულ შედგება 33 ცალი დეტალისგან (ამ რაოდენობაში შედის აბსოლიტურად ყველა დეტალი მათ შორის ხრახნები და ჭანჭიკები). პისტოლეტის ჩარჩო აერთიანებს სახელურს და სასხლეტ მექანიზმს, ხოლო ჩარჩოზე შესრულებულ მიმმართველებში ჩამოცმულია წინ მოსრიალე ლულის ბლოკი, რომელიც ამავდროულად საკეტის ფუნქციას ასრულებს.

რაც შეეხება მოქმედების პრინციპს, ყოველი გასროლის შემდეგ, მსროლელი ხელით ახდენს ლულის ბლოკის წინ გაწევას, რა დროსაც ხდება მასრის ექსტრაქცია. შემდეგ მსროლელი ასევე ხელით აბრუნებს ლულის ბლოკს უკან. ლულის უკან დაბრუნებისას სავაზნეში შედის მომდევნო ვაზნა და პისტოლეტიც მზადდა შემდგომი გასროლის განხორციელებისთვის. როდესაც ლულის სავაზნეში მოთავსებულია ვაზნა, ექსტრაქტორი დაახლოებით 3მმ-ით (1/8 ინჩით) გამოდის მისი ბუდიდადნ, რაც ერთგვარ ინდიკატორს წარმოადგენს, რომ პისტოლეტი დამუხტულია.

Semmerling LM-4-ის სამიზნე მოწყობილობა იყო მარტივი ფქისირებული სახის, ხოლო დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი მხოლოდ ორმაგი მოქმედების (ე.წ. DAO). აღსანიშნავია რომ სასხლეტის სვლა იყო საკმაოდ გრძელი, თუმცა რბილად მოძრაობდა და იყო ინფორმატიული. სასხლეტის გადამცემ თამას ჰქონდა სპეციალური შვერილი, რომელიც სასხლეტზე თითის დაწოლის დროს ახდენდა ლულის ბლოკის ჩაკეტვას. ასეთი პრინციპის გამოყენებით ლულის ბლოკი, რომელიც ამავდროულად ასრულებდა საკეტის დანიშნულებას, საიმედოდ იკეტებოდა გასროლის მომენტში.

ვინაიდან პისტოლეტის ლულის ბლოკი (რომელიც ამავდროულად წარმოადგენდა საკეტის დანიშნულებას) იყო წინ მოძრავი, არსებობდა იმის ალბათობა, რომ პისტოლეტის ბუდიდან ამოღებისას მოხდებოდა ლულის წინ გადაადგილება და საკეტის თვითნებური გახსნა რაც თავის მხრივ გამოიწვევდა სავაზნიდან ვაზნის ამოვარდნას. ამიტომ პისტოლეტს მარჯვენა მხრიდან ჰქონდა სპეციალური ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც მსროელს პისტოლეტის ტარების დროს შეეძლო ლულის ბლოკის ჩაკეტვა. სასხლეტზე თითის დაწოლისას აღნიშნული ბერკეტი ავტომატურად ითიშებოდა.

Semmerling LM-4-ში განსხვავებულად არის გადაწყვეტილი სახელურში მჭიდის ფიქსაციის მექანიზმი. თავად მჭიდის ბოლოში გვერდებიდან შესრულებულია 2 ცალი ბრტყელი ფირფიტისებური ფრთა, რომელიც განზეა გამოშვერილი და სახელურში აკავებს მჭიდს. იმისათვის რომ სახელურიდან გამოვიღოთ მჭიდი, აუცილებელია ორივე ფრთას გვერდებიდან ერთდროულად მოვუჭიროთ თითები და შემდგომ გამოვქაჩოთ მჭიდი.

სტანდარტულად Semmerling Corporation ამზადებდა პისტოლეტებს რომლის ჩარჩოც გამოირჩეოდა შავი ფერის ხავოიანი დაფარვით, ხოლო საკეტი იყო გაპრიალებული. მზადდებოდა ასევე ეგზემპლარები რომელიც მთლიანად ექცემდებარებოდა გაპრიალებას (პოლირებას) ან იყო ქრომირებული. სასაჩუქრე და საპრეზენტაციო სახით მზადდებოდა მოოქროვილი საკეტის მქონე პისტოლეტებიც.

რაც შეეხება პისტოლეტის სახელურის ლოყებს (ფურნიტურას) აქ დამკვეთს ჰქონდა საკმაოდ დიდი არჩევანი. სურვილის შემთხვევაში კომპანია Semmerling Corporation სთავაზობდა მომხმარებელს შემდეგი მასალისგან დამზადებულ ლოყებს: პლასტმასი; შავი ხე ან მყარი Cocobolo -ს ჯიშის ხე. ასევე სურვილის შემთხვევაში მზადდებოდა ფოლადის ფურცლისგან შესრულებული სახელურის ლოყები, რომლის მეშვებითაც პისტოლეტი ხდებოდა უფრო თხელი. კომპანია გარდა პისტოლეტებისა, ასევე ამზადებდა სხვადასხვა აქსეუარებს და ნაკრებებს: ტყავის ბუდეები პისტოლეტისთვის, ტყავის ბუდეები სათადარიგო მჭიდისთვის, სათადარიგო დეტალების ნაკრები და გაუმჯობესებული ორ საფეხურიანი სასხლეტი მექანიზმის ნაკრები.


ყველა პისტოლეტი გამოირჩეოდა მაღალი ხარისხის დამუშავებით. თითქმის ყველა დეტალი მზადდებოდა ოსტატების მიერ ხელით, რის შემდეგაც ინდივიდუალურად ახდნენდნენ დეტალების მორგებას. შესაბამისად პისტოლეტების წარმოება არ ხდებოდა კონვეირული პრინციპით, არამედ ხდებოდა წინასწარ შეკვეთით. გარკვეულ წყაროებს თუ დავუჯერებთ თვეში დაახლოებით 10-12 ცალი პისტოლეტის წარმოება იყო შესაძლებელი, რაც იმით იყო განპირობებული, რომ თითქმის ყველა დეტალი მზადდებოდა ხელით და მოითხოვდა საკმაოდ დიდ დროით რესურსს.

აღსანიშნავია, რომ Semmerling LM-4 -ში გამოიყენებოდა ინსტრუმენტალური ფოლადი S-7, ხოლო დამზადების შემდეგ დეტალები გადიოდა ფარული წუნის გამოსავლენ ორ ეტაპიან მაგნიტურ (MPI-Magnaflux magnetic particle inspection) შემოწმებას. ბუნებრივია არაფერი არ ხდება უანგაროთ და შესაბამისად ასეთი ფილიგრანული მიდგომა დეტალების დამზადებისას, მაღალი ხარისხის კონტროლი და ოსტატების მიერ დეტალების ხელით მორგება, ერთგვარ ელიტარულ სტატუსს განაპირობებდა და პისტოლეტების ღირებულებაც დამზადების მიხედვით შეადგენდა 645-780 აშშ დოლარს, რაც იმ პერიოდისთვის საკმაოდ დიდ თანხას წარმოადგენდა. ფაქტიურად Semmerling LM-4 წარმოადგენდა კომპაკტური პისტოლეტების როლს-როისს.

Semmerling LM-4 -ის დამზადება შეკვეთით ხდებოდა 1982 წლის ჩათვლით, ხოლო 1982 წლის მიწურულს მათი დამზადება შეჩერდა. ამის მიზეზი იყო პისტოლეტის ზედმეტად მაღალი ღირებულება, რაც თავის მხრივ არამოთხოვნადს ხდიდა პისტოლეტს. გარკვეულ წყაროებში გვხვდება ინფორმაცია, რომ მცირე რაოდენობით მას სხვადასხვა ერთეული შეკვეთებით ამზადებდნენ 1990-ან წლებამდე. 1995 წელს Semmerling Corporation-მა და ფილიპ ლიხტმანმა პისტოლეტის წარმოების უფლება გადასცა ამერიკულ კომპანიას „American Derringer corporation“ (A.D.C) რომელიც მდებარეობდა ტეხასში.

American Derringer corporation მიერ დამზადებული LM-4

American Derringer corporation შეკვეთით ამზადებდა LM-4-ს 2003 წლამდე, რის შემდეგაც მათი წარმოება სამუდამოდ შეწყდა. American Derringer corporation -ის მიერ დამზადებული პისტოლეტები გამოირჩეოდა იმით, რომ იყენებდა მთლიანად უჟანგავი ფოლადის დეტალებს და ლულის ბლოკზე ჰქონდა უფრო განსხვავებული ზომის ნაჭდევები. ამ პისტოლეტების ჩარჩოზე მარცხენა მხრიდან დატანილი იყო წარწერა A.D.C WACO. TX.

2005 წელს კომპანია Semmerling-მა და ფილიპ ლიხტმანმა იარაღის ნაციონალურ მუზეუმს გადასცა პროტოტიპებების (LM-1, LM-2, LM-3, LM-4, XLM) კოლექცია. 1917 წლის 28 ივნისს ფილიპ ლიხტმანი გარდაიცვალა.

რიგი წყაროების თანახმად სულ ჯამში დამზადებული პისტოლეტების Semmerling LM-4  საერთო ჯამურმა რაოდენობამ შეადგინა დაახლოებით 600 ერთეული. დღეს სხვადასხვა აუქციონებზე მათი ფასი კონდიციიდან და შესრულებიდან გამომდინარე მერყეობს 3500-6000$-მდე, განსაკუთრებით ფასობს 80-ანი წლების დასაწყისში კომპანია Semmerling-ის მიერ დამზადებული ეგზემპლარები.

Semmerling LM-4

ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები (ტტმ)

კალიბრი/ვაზნა:

11,43x23mm /.45ACP

სიგრძე:

132 მმ

ლულის სიგრძე:

88 მმ

სიგანე (სისქე):

21,59 მმ

სიმაღლე:

93,98 მმ

წონა (მასა):

561 გრამი სავსე მჭიდით

მჭიდის ტევადობა:

4 ვაზნა მჭიდში + 1 ვაზნა სავაზნეში