შემთხვევითი შეხვედრა "A.T.C Model 5"

რამოდენიმე დღის წინ მომეცა შესაძლებლობა ახლოს გამეცნო მცირე ზომის თვითდამტენი პისტოლეტი “A.T.C Model 5”, რომლის შესახებაც ინფორმაცია ვებ სივრცეში ძალზედ მწირია, რადგანაც იგი არ სარგებლობს პოპულარობით და არაა მაინცდამაინც მასიურად გავრცელებული, როგორც სხვა მსგავსი კლასის პისტოლეტები. ამ პისტოლეტით მე დიდიხანია დაინტერესებული ვარ და ეს ინტერესი გამომდინარეობს არა პისტოლეტის დანიშნულებიდან ან მისი ისტორიიდან, არამედ მისი ღირებულებიდან. ფაქტიურად ეს მოდელი საქართველოში ყველაზე იაფიანი ცეცხლსასროლი პისტოლეტია, რომლის შეძენაც მაღაზიაშია შესაძლებელი. აღნიშნული მოდელის სრულიად ახალი პისტოლეტის ღირებულება სტატიის დაწერის მომენტში შეადგენს 400 ლარს. დღეის მდგომარეობით, საქართველოს ბაზარზე მაღაზიაში ამ ფასად არცერთი ახალი ცეცხლსასროლი პისტოლეტი არ იყიდება. შევეცდები მოკლედ და ლაკონურად გადმოგცეთ ჩვენი შთაბეჭდილებები აღნიშნულ პისტოლეტზე. აქვე დავძენ, რომ პისტოლეტის შესწავლა სრულიად სპონტანურად მომიწია და თან არ მქონდა ფოტოაპარატი, რომლის მეშვეობითაც სათანადო და დეტალურ ფოტოებს გადავიღებდი, ამიტომ სტატია ძალიან ღარიბი გამოვიდა ფოტოების კუთხით. ყველა ფოტოსურათი სხვადასხვა ინტერნეტ წყაროებიდან მოვიძიე და დავამუშავე სტატიისთვის.
 
პისტოლეტის შექმნის ისტორია
პირველ რიგში მინდა შევეხო პისტოლეტის სრულ სახელწოდებას “A.T.C  BRNO CZ Model 5”. რა იმალება ამ სახელწოდებაში? A.T.C. არის იარაღის მწარმოებელი კომპანიის აბრევიატურა  „ARMS TRADING COMPANY“, რომელიც მდებარეობს ჩეხეთის ქალაქ BRNO-ში. სახელწოდებაში ჩასმული აბრევიატურა და პისტოლეტის საკეტზე არსებული მარკირება „CZ“ იძლევა საფუძველს, ვიფიქროთ, რომ ეს პისტოლეტი არის ამავე სახელწოდების მქონე ცნობილი ჩეხური იარაღის მწარმოებელი კომპანიის „Ceska Zbrojovka“-ს მიერ დამზადებული, რაშიც უდავოდ მოვტყუვდებით.  კომპანია A.T.C.  ოფიციალურად დარეგისტრირდა სულ რაღაც 1996 წლის 15 აპრილს და მისი ძირითადი საქმიანობა არის სხვადასხვა იარაღის და ამუნიციის წარმოება. ფაქტიურად კომპმანია არსებობს უკვე 18 წელია. მისი აღმასრულებელი დირექტორი არის Jaromír Rabušic-ი.
რაც შეეხება პისტოლეტს „A.T.C. Model 5“ მისი წარმოება დაწყებულ იქნა 1998 წელს. პისტოლეტის დიზაინი ერთი-ერთში იმეორებს 70-ანი წლების მიწურულს გერმანელი ჰერბერტ შმიდტის (H. Schmidt) მიერ დამზადებულ მეხუთე მოდელს
(H.SCHMIDT MODEL 5), რომელიც შმიდტმა შექმნა ჯერ კიდევ 1955 წელს დამზადებული გერმანული პისტოლეტის “RECK P8”-ის და მისი სასტარტო პისტოლეტის ვარიანტის “RECK P6”-ის  გავლენით. 
გერმანული პისტოლეტი “RECK P8”, რომელიც აშშ-ში იყიდებოდა სახელწოდებით "LA FURY"
აღნიშნული პისტოლეტები სტატიის დაწერის მომენტში აღარ იწარმოება, თუმცა გერმანიაში დღემდე იყდება და მათი ფასი შეადგენს 80-120 ევროს. ასეთ დაბალ ღირებულებას განაპირობებს ის ფაქტორი, რომ პისტოლეტებში ფოლადისგან მზადდება მხოლოდ საპასუხისმგებლო და ყველაზე პრიორიტეტული დეტალები როგორიცაა: ლულა, საცემი ნემსა, ზამბარები და ღერძები. დანარჩენი დეტალები დამზადებულია სხვადასხვა მსუბუქი შენადნობებისგან, რომლებიც პრესების გამოყენების მეშვეობით იღებს ფორმებს და ფხვნილისებური მეტალისაგან, რომელთა შეედნობაც ხდება ღუმელში გამოწვის მეთოდით. ასეთი იაფი ტექნოლოგიით დამზადება შესაბამისად იწვევს პისტოლეტების დაბალ ღირებულებას. პისტოლეტ “RECK P8” ბაზაზე მასიურად იწარმოება აგრეთვა გაზის პისტოლეტები, რომელიც 90-ან წლებში ძალიან გავრცელებული იყო საქართველოში და მეც ვიყავი მისი მფლობელი.

A.T.C. Model 5“ კონსტრუქცია
პისტოლეტის კონსტრუქცია ძალიან წააგავს Walther-ის მეცხრე მოდელს. უძრავი ლულა შეადგენს ჩარჩოს ნაწილს და მის ქვემოთ განთავსებულია საკეტის დამაბრუნებელი ზამბარა. საკატ-გარსაცმი ლულის ნაწილში ზევითა მხრიდან არის მთლიანად ღია. პისტოლეტის დამრტყმელი-გამშვები მექანიზმი არის ერთმაგი მოქმედების და არ გააჩნია ჩახმახი.
საკეტში ჩამონტაჟებულია საბრძოლო ზამბარიანი საცემი (დამრტყმელი) ნემსა, საკეტის უკან გადაწევისას ნემსა შეკუმშავს საბრძოლო ზამბარას და დარჩება უკიდურეს პოზიციაში. სასხლეტზე თითის დაჭერისას კი ხდება გამშვების ქვემოთ დაწევა, რაც იწვევს ნემსას გათავისუფლებას, რომელიც შეკუმშული საბრძოლო ზამბარის ენერგიით ახდენს კაფსულ მაალებლის აალებას.
მასრების ექსტრაქტორი დამოტაჟებულია, საკეტზე ზევითა მხრიდან. პისტოლეტის დროშისებური მცველი განთავსებულია ჩარჩოზე სასხლეტი კავის უკან და მარკირებულია ასოებით S – „Safe“ და F – „Fire“. მცველის გააქტიურებისას ხდება სასხლეტი კავის ბლოკირება. ჩემს მიერ შესწავლილ ეგზემპლარზე მცველის მოძრაობას არ სჭირდებოდა ზედმეტი ძალისხმევის დახარჯვა, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ პისტოლეტის ჯიბით ტარებისას, შესაძლებელია მცველი თავისით გადაადგილდეს. მე პირადად არ ვენდობოდი მის მცველს, რადგანაც იგი მხოლოდ სასხლეტ კავს ბლოკავს და არის ალბათობა, რომ პისტოლეტის მყარ ზედაპირზე დავარდნისას შემართული საცემი ნემსა თავისით დაეშვება. მსგავს პრობლემაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სტატიაში კაროვინის პისტოლეტის შესახებ.
სავაზნე კოლოფი (მჭიდი) დამზადებულია ფოლადის ფურცლისგან, რომელსაც გვერდით გააჩნია მრგვალად ამოჭრილი ნასვრეტები რათა ვიზუალურად დავინახოთ მასში ვაზნების რაოდენობა. კოლოფის ფსკერზე დამაგრებულია უხარისხო პლასტმასის ქუსლი, რომელიც პისტოლეტის ტარზე ხელის კომფორტულად მოკიდებისათვისაა. თუმცა პისტოლეტის ტარი მაინც იმდენად მოკლეა, რომ აღნიშნული ქუსლი არ იძლევა დიდ კომფორტს. მჭიდის დაფიქსირება ტარში ხდება ქვემოთ განთავსებული პატარა ღილაკის მეშვეობით.
რამდენადაც მწარმოებელი ამბობს, პისტოლეტის ჩარჩო და ლულა დამზადებულია ფოლადისა და ცინკის ნარევისგან, რომელთა ფორმირებაც ხდება ჩამოსხმის მეთოდით. სხვა დანარჩენი შიდა დეტალები კი მზადდება თერმულად დამუშავებული უჟანგავი ფოლადისაგან.
პისტოლეტის ტარის ლოყები დამზადებულია ძალიან უბრალო პლასტმასისაგან, რომელსაც ჩვენს მიერ შესწავლილ ეგზემპლარზე კუთხეები უხეშად აქვს მოჭრილი, თითქოს ტარის დამზადების შემდეგ იგი არ იქნა დაამუშავებული და პირდაპირ მიამაგრეს ტარზე.
მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ასეთი კლასის პისტოლეტებს არ უკეთებენ სამიზნე მოწყობილობებს, A.T.C. Mod 5 მაინც აღჭურვილია საკმაოდ კომფორტული წინა და უკანა სამიზნით, რომელიც თავის საქმეს მშვენივრად ასრულებს. ჩემს თავზე მინდა ვთქვა, რომ მე ძალიან ცუდი მსროლელი ვარ. ამ პისტოლეტით 4-5 მეტრ დისტანციამდე სროლისას დაახლოებით 9სმ-ანი წრე შევაქუჩე  პირველივე 6 გასროლიდან, რაც ამ პატარა პისტოლეტისთვის და ჩემი მრუდე ხელებისთვის ვფიქრობ კარგი შედეგია.
სხვადასხვა ვებ გვერდებზე და ფორუმებზე თუ გადავხედავთ მფლობელების გამოხმაურებას, ისინი წერენ რომ პისტოლეტის რესურსი შეადგენს 250-350 გასროლას. მწარმოებლის თქმით თუკი მფლობელი დაიცავს საექსპლუატაციო წესებს, პისტოლეტის რესურსი შეადგენს 500 დან 1000 გასროლამდე.
ტარის პლასტმასის ლოყებს თუ არ ჩავთვლით პისტოლეტი საერთო ჯამში აკურატულადაა დამზადებუილი, არის ძალიან მარტივი კონსტრუქციის, რომელიც შედგება 33 დეტალისაგან.
საკეტის უკანა ნაწილში გაკეთებულია დახრილი ღარები, რომლებიც საკეტის შემართვისას  ეხმარება მსროლელს თითების უკეთ მოჭიდებაში.
ეგზემპლარი რომელიც ჩვენ შევისწავლეთ იყო შავი ფერის დაფარვით, თუმცა პისტოლეტი A.T.C. Mod 5 გამოდის აგრეთვე მონიკელებული დაფარვითაც, რომელიც საქართველოში 20 ლარით ძვირი (420 ლარი) ღირს, ვიდრე შავი ფერის დაფარვით.

პისტოლეტის ქარხნული კომპლექტაცია შედგება პლასტმასის ყუთსგან, რომელშიც მოთავსებულია პისტოლეტი, 2 ცალი სავაზნე კოლოფი (მჭიდი), პატარა ჯაგრისიანი ზუმბა (შომპოლი) და დამაბრუნებელი ზამბარა. თუმცა სხვადასხვა გადამყიდველები ხშირად იღებენ კომპლექტაციიდან მეორე მჭიდს და დამაბრუნებელ ზამბარას, ამიტომ შესაძლებელია რიგ პარტიას აკლდეს ეს დეტალები.

პისტოლეტის არასრული დაშლა
პისტოლეტი მარტივად იშლება. ამისათვის საკმარისია საკეტის უკანა მხარეს არსებულ დამჭერს რაიმე წკირისებური საგნით, ან პატარა სახრახნისით ოდნავ მივაჭიროთ. ჩვენ დაშლა ასანთის ღერით განვახორციელიეთ, რათა არ დაგვეკაწრა დამჭერი. (ჩემი პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ დასაშლელად ჯობია გამოიყენოთ რაიმე პლასტმასის ღერო, მაგალითად ყურების საწმენდი ჩხირი). დამჭერი ოდნავი დაწოლით მარტივად შედის საკეტში არსებულ ბუდეში, რადგანაც  წვრილი საბრძოლო ზამბარა იკავებს მას. როგორც კი დამჭერი შეიწევა ბუდეში, შეგვიძლია პისტოლეტის საკეტი ავწიოთ ზევით და შემდგომ წინ გაწევით მოვხსნათ ჩარჩოდან.
რისთვის შეიძლება შევიძინოთ პისტოლეტი A.T.C   Mod. 5 ?
თუკი დავფიქრდებით ამ შეკითხვაზე და განვიხილავთ პისტოლეტს როგორც თავდაცვით იარაღს, რათქმაუნდა მასში გამოყენებული სუსტი 6,35მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნა ყოვლად გამოუსადეგარს ხდის პისტოლეტს თავდაცვითი მიზნისათვის. შესაძლებელია პისტოლეტი ბოლო შანსის იარაღის სტატუსით, როგორც მეორე პისტოლეტი ფარულად ატაროს ისეთმა ადამიანმა ვისაც აქვს ამის უფლება. ფაქტიურად ეს არის იარაღი, რომელიც მის მფლობელს უპირატესობაში აყენებს, მხოლოდ შეუიარაღებელი თავდამსხმელის წინაშე.
პისტოლეტი სპორტული მიზნებისთვისაც გამოუსადეგარია, რადგანაც მცირეგაბარიტიანია და განსაკუთრებული სიზუსტე არ მოეთხოვება. გართობის მიზნით, რომ ვისროლოთ შესაძლებელია თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბედკრულ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც მოკლელულიანი იარაღის სასროლეთში (ტირში) გადატანა ან ქალაქგარეთ გატანა კანონმდებლობიდან გამომდინარე შეუძლებელია. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ პისტოლეტში გამოყენებული 6,35მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნის ღირებულება 2-2,40  ლარს შეადგენს, რაც პრინციპში ძვირია ამ ვაზნისთვის.
პისტოლეტის საკოლექციო დანიშნულება რომ განვიხილით, რა თქმა უნდა აქაც თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება A.T.C   Mod. 5, რადგანაც იგი დაბალი კლასის თანამედროვე პისტოლეტია, რომელსაც არანაირი ისტორიული დატვირთვა არ გააჩნია.
საერთო ჯამში ჩემზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა პისტოლეტმა და ძალიან მომეწონა, იმიტომ, რომ მე ზოგადად მიყვარს მცირეგაბარიტიანი პისტოლეტები. პრაქტიკული დანიშნულების კუთხით კი მოკლედ ვიტყვი, აღნიშნული პისტოლეტი არის საშიში სათამაშო, რომელიც სულ რაღაც 400 ლარი ღირს საქართველოში.

No comments:

Post a Comment