აფხაზური რევოლვერების კვალდაკვალ „Заря“

აღნიშნული სტატიის დაწერის შესახებ რამოდენიმე თვე ვფიქრობდი და შეიძლება ითქვას, ფეხსაც ვითრევდი, მაგრამ საბოლოოდ მაინც გადავწყვიტე დამეწერა ეს მცირე სტატია, რომელიც აფხაზურ რევოლვერებს შეეხება.  პირველ რიგში სტატია უნდა დავიწყო იმით, რომ ისევე როგორც ყველა „ნორმალურად მოაზროვნე“ ქართველი,  მეც არ ვაღიარებ აფხაზეთის დამოუკიდებლობას და ვთვლი რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილი იყო, არის და იქნება! რაც შეეხება თავად სტატიას, თავდაპირველად შესაძლოა გაგიჩნდეთ შეკითხვა, თუ რატომ გადავწყვიტე დამეწერა აფხაზურ რევოლვერებზე? ამ შეკითხვაზე ჩემი პასუხი არის რამოდენიმე:
1.     პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ დიდიხანია დაინტერესებული ვარ აფხაზური რევოლვერების შექმნის ისტორიით და უკვე წლებია ვცდილობ მოვიპოვო მათ შესახებ ინფორმაცია, რადგანაც აღნიშნულ რევოლვერებზე არც თუ ბევრი რამ არის ცნობილი. სწორედ ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე ქართველი მკითხველისთვის მომეწოდებინა ის ინფორმაცია, რომელიც  მსმენია და ვიცი ამ რევოლვერებზე;
2.     როგორც ავღნიშნე აფხაზეთს საქართველოს მიწად ვთვლი და შესაბამისად ქართულ მიწაზე შექმნილი იარაღის შესახებ დაწერილი სტატია ალბათ საინტერესო იქნება ჩვენი ბლოგის მკითხველისათვის;
კიდევ ერთერთი მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე დამეწეარა სტატია, არის ის, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ ქართულ ვებ მარკეტზე წავაწყდი განცხადებას, სადაც პიროვნება ოფიციალურად ყიდიდა მაკაროვის ვაზნაზე (9х18 ПМ) გათვლილ რევლოვერს. მფლობელის თქმით ეს იყო რუსეთში სპეციალური დანიშნულებისათვის შექმნილი რევოლვერი სახელწოდებით „Удар». ასეთი სახელწოდებით რუსეთის შსს-მ მართლაც წამოიწყო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უნდა შემუშავებულიყო სპეციალური რევოლვერი ძლიერი მონაცემებით. ასე შეიქმნა რევოლვერი «Удар», რომელიც მცირე პარტიით იწარმოებოდა რუსეთში 90-ან წლებში. იგი ვ.პ. გრიაზევის მიერ კონსტრუირებული 9х18მმ (ПМ) კალიბრის რევოლვერის „Р-92“-ის ბაზაზე შეიქმნა და გათვლილი იყო  სპეციალურ 12.3მმ-ან ვაზნებზე (აღნიშნულ ვაზნებზე სტატია მომზადებული მაქვს და შევცდები ახლო მომავალში გამოვაქვეყნო). რევოლვერი, რომელსაც მაიმარკეტზე 1000 ლარში ყიდიდა მფლობელი ნამდვილად არ იყო  რუსული წარმოების «Удар»-ი,  რადგანაც  „უდარს“ სახასიათო დიზანია გააჩნია და ვერ აურევ ვერცერთ სხვა რევოლვერში. ჩემი აზრით ეს იყო აფხაზური წარმოშობის ერთერთი 9მმ კალიბრის რევოლვერთაგანი, რომელიც «Заря»-ს სახელწოდებითაა ცნობილი. აღნიშნული განცხადების ნახვიდან ორი-სამი დღის შემდეგ თბილისის მომსახურების საგენტოში ვიფორმებდი პისტოლეტს, როდესაც ჩემს გვერდით ზუსტად ეს რევოლვერი წარმოადგინა პიროვნებამ. იგი ახდენდა მის გადაფორმებას ახალ მფლობელზე. რათქმაუნდა შევეცადე მიმეღო ინფორმაცია და დავინტერესდი თუ როგორ იყო რევოლვერის დასახელება გაწერილი იარაღის მოწმობაში. სამწუხაროდ მფლობელი ძალიან სიტყვაძუნწი აღმოჩნდა.  ერთადერთი რაც მითხრა იყო ის, რომ  800ლარად გავყიდეო და რუსი სპეცებისათვის შექმნილი «Удар» არისო. ვებ მარკეტზე შემხვედრია აგრეთვე მაკაროვის ვაზნაზე მორგებული ნაგანის 1895 წლის მოდიფიკაციაც და მფლობელი, მასაც სახელწოდებით „Удар“ ყიდიდა. აღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მე შემიძლია ვივარაუდო (გავიმეორებ, რომ ეს ჩემი საფუძვლიანი ვარაუდია და არა უტყუარი ინფორმაცია), რომ საქართველოში მოხვედრილი რევოლვერები, რომლებიც გათვლილნი არიან მაკაროვის 9х18მმ-ან ვაზნაზე, რეგისტრირდება უბრალოდ როგორც „Udar“-ი, რადგანაც ძირითადად ასეთი რევოლვერები სერიულად არ მზადდება, არამედ ნახევრადკუსტარულად ამზადებენ სხვადასხვა საამქროებში და ხშირად არანაირი მარკირება და სახელწოდება არ გააჩნიათ. მე პირადად მსმენია სომხეთში წარმოებულ ნაგანზე, რომელიც მაკაროვის ვაზნებზე იყო გათვლილი. რუსეთშიც ხშირად ხდება სხადასხვა მსგავსი რევოლვერების აწყობა-გადაკეთება 9Х18 ПМ ვაზნებზე. ერთერთ რუსულ ჟურნალში წავაწყდი ინფორმაციას, სადაც წერდნენ, რომ აფხაზეთიდან საქართველოში წაღებული რევოლვერები, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო არსად სერტიფიცირებული და არ გადიოდა არანაირ ოფიციალურ გამოცდებს, მასროტეკაში ბალისტიკური შემოწმების შემდეგ გაივლიდა ლეგალიზაციას, მიენიჭებოდა ნომერი და ფორმდებოდა მის მფლობელზე. მე ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ, მაგრამ თუ მართლაც ასე ხდებოდა და ასეთი ლიბერალური მიდგომა გვქონდა ცეცხლსასროლი იარაღის მიმართ ძალიან კარგია.
აფხაზური ქარხნის ისტორია
ჯერ კიდევ 1919 წელს ქალაქ ლენინგრადში დაარსდა სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება (НПО - Научно-Производственное Объединение) სახელწოდებით "Красная Заря". ქარხანა დაარსებულ იქნა ტელეფონების უძველესი ფაბრიკის „ერიკსონის“  (Telefonaktiebolaget L. M. Ericsson) ბაზაზე. გაერთიანების ძირითადი საქმიანობა იყო ტელეკომუნიკაციური აპარატურის დამზადება, ხოლო 1942-1943 წლებში, ფაბრიკა აწარმოებდა სამხედრო კავშირგაბმულობისათვის საჭირო აპარატებს და საბრძოლო მასალებს.
ლენინგრადში არსებულმა ფაბრიკამ გახსნა მისი ფილიალი აფხაზეთის ქალაქ ტყვარჩელში. ფილიალს მიენიჭა სახელწოდება „Заря". დღეს აღნიშნულ ქარხანას მოიხსენიებენ, როგორც  ტყვარჩელის მექანიკურ ქარხნას (Ткварчалский механический завод „Заря"). თავდაპირველად ქარხანა ორიენტირებული იყო როგორც საკომუნიკაციო ავტომატური სატელეფონო სადგურების (АТС) კონსტრუირებაზე, აგრეთვე სოფლის მეურნეობისათვის საჭირო დეტალებზე. შემდგომ ქარხანაში დაიწყეს სარაკეტო ტექნიკის მაკომპლექტებელი დეტალების წარმოებაც.
რევოლვერის შექმნის ისტორია
ქართულ-აფხაზური ომის პერიოდში (1992-1993 წლებში), ფაბრიკამ დაიწყო ნაღმების, ყუმბარების და ჭურვების წარმოება. ამავე პერიოდში რამოდენიმე ეგზემპლარის სახით დამზადებულ იქნა არბალეტები და აფხაზი მზვერავებისათვის განკუთვნილი მცირეკალიბრიანი ცეცხლსასროლი მოწყობილობა, რომელიც შენიღბული იყო საწერი კალამის ფორმით. კალამი იყო ერთმუხტიანი, ამიტომ გადაწყვიტეს შეექმნათ მრავალმუხტიანი სრულყოფილი მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი. საბოლოო არჩევანი გაკეთდა რევოლვერზე, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობას იღებდა ქარხნის დირექტორი ვახტანგ გიორგის ძე ხარჩილავა. სწორედ ვ. ხარჩილავას მითითებით რევოლვერის საფუძვლად აღებულ იქნა ბელგიური წარმოების „ბულდოგის“ ტიპის ერთერთი ეგზემპლარი. ასე შეიქმნა პირველი აფხაზური რევოლვერი რომელსაც ქარხნის სახელწოდება “Заря“ მიენიჭა. რევოლვერი გათვლილი იყო წრიული აალების .22LR ვაზნაზე. შეკითხვაზე თუ რატომ შეირჩა მაინცდამაინც ეს ვაზნა? პასუხი ძალზედ მარტივა. აღნიშნულ ვაზნას არ გააჩნია დიდი იმპულსი, შესაბამისად კონსტრუქციის შექმნა, რომელიც .22LR-ის იმპულსის მონელებას შეძლებდა ბევრად უფრო მარტივი შესაქმნელი და დასამზადებელია, ვიდრე სხვა უფრო ძლიერ ვაზნაზე გათვლილ ეგზემპლარს სჭირდება.
აფხაზეთის ომის დროს შექმნილი .22LR ვაზნაზე გათვლილი რევოლვერი
 
რევოლვერის კონსტრუქცია მარტივად იყო შესრულებული და რაც ყველაზე მთავარია კარგად იყო გათვლილი მცირე ნიუანსები, რომელიც ასეთი ერზაც იარაღისთვის ძალზედ იშვიათობას წარმოადგენს.
რევოლვერის ჩარჩო მთლიანად მზადდებოდა ფრეზირების მეთოდით. ლულა ჩარჩოზე მაგრდებოდა ხრახნის მეშვეობით, ჩახმახის შემართვისას შეყენებისას, დოლურა ბრუნავდა მარცხნივ (საათის ისრის საწინააღმდეგოდ). დაშვებული ჩახმახის შემთხვევაში, რევოლვერის დოლურას ხელით დაბრუნება შესაძლებელი იყო მხოლოდ მარცხნივ და ისიც იმ შემთხვევაში, თუკი ვაზნები არ იქნებოდა მასში მოთავსებული.
დოლურაში ვაზნების ჩალაგება ხდებოდა მარცხენა მხარეს განთავსებული კარების უკან გადაწევით. აღნიშნული კარები ფაქტიურად წარმოადგენს ბელგიელი კონსტრუქტორის აბადის (Abadie) მიერ შექმნილი კარების ანალოგს, თუმცა მისგან განსხვავდება იმით რომ აფხაზური რევოლვერის შემთხვევაში კარების გადაწევის შემდეგ სასხლეტი კავი და ჩახმახი არ თავისუფლდება ერთმანეთისგან, არამედ ჩახმახი 2მმ-ით გადაადგილდება უკან, რათა ვაზნების ჩალაგებისას ხელი არ შეუშალოს დოლურას თავისუფლად ბრუნვას. აბადის კონსტრუქციაში კარების გადაწევისას ჩახმახი თავისუფლდება სასხლეტი კავისაგან და მსროლელს შეუძლია სასხლეტზე თითის დაწოლით ატრიალოს დოლურა და კარების მხრიდან ჩაალაგოს ვაზნები.
რევოლვერის დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი არის ორმაგი მოქმედების (DA) და როდესაც ჩახმახი დაშვებულია, მისი საცემი თავი ჩარჩოდან გამოშვერილია 1,5მმ-ით. ამ შემთხვევაში თუკი დოლურას კამერებში არ იმყოფება ვაზნები, ჩახმახის საცემი თავი არ ეხება დოლურას. ცარიელი დოლურას შემთხვევაში სასხლეტის კავის გამოკვრისას დაშვებული ჩახმახის საცემი თავი არ შედის კონტაქტში დოლურასთან და მთელ დარტმას იღებს ჩარჩო ის ნაწილი, სადაც ჩახმახის საცემის ნასვრეტია. ამგვარი კონსტრუქციის წყალობით არ ხდება დოლურას სავაზნე კამერებთან, საცემის მიერ სახასიათო კვალის დატოვობეა. როგორც წესი უმეტესობა წრიული აალების ვაზნაზე გათვლილ რევოლვერებში ვაზნების გარეშე სასხლეტის გამოკვრისას ჩახმახის საცემი თავი ურტყამს დოლურაზე არსებულ სავაზნე კამერების კუთხეებს და ტოვებს კვალს ნაჭყლეტი სახით. თუმცა არსებობს თანამედროვე მოდელები, სადაც აღნიშნული პრობლემა მოგვარებულია სხვადასხვა მეთოდებით.
სიზუსტე
რევოლვერის სიზუსტეს რაც შეეხება ამბობენ, რომ იგი არ გამოირჩევა განსაკუთრბული სიზუსტით. ერთერთ რუსულ ფორუმზე, მფლობელი წერდა, რომ 5-6 მეტრ დისტანციიდან სროლისას 8 ვაზნიდან მხოლოდ 4 ტყვია გაარტყა А4 ზომის ფურცელს. თუმცა სამართალდამცავები, რომლებმაც ყაჩაღის ჩხრეკისას ამოიღეს რევოლვერი, წერდნენ, რომ 8 გასროლიდან ყველა ტყვია მოარტყეს А4 ფორმატის ფურცელს 5 მეტრიდან. ამ შემთხვევაში გამიჭირდება რაიმე ვილაპარაკო მის სიზუსტეზე რადგანაც მე ეს რევოლვერი არც მისვრია და არც მინახავს. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ძნელია წერო იარაღზე რომელიც თვალით არ გინახავს და სხვების გამოხმაურებას უნდა ენდო ბრმად. აღნიშნული პრობლემა ჩვენი ბლოგის არსებობიდანვე გამოიკვეთა, რადგანაც მე ისეთ იარაღებზე ვწერ სტატიებს, რომელთა უმეტესობას ალბათ ვერასოდეს ვერ ვნახავ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს იარაღები ან საერთოდ აღარ იწარმოება, ან კიდევ რამოდენიმე ეგზემპლარის სახით დამზადდა და დღეს მუზეუმების სტენდებზე ან კერძო კოლექციონერების მფლობელობაში თუ შეხვდებით. ამიტომ ძნლია ვიყო ობიექტური ასეთ კონკრეტულ საკითხებში და ტექნიკურ მონაცემებში.
უკანა სამიზნე მოწყობილობას წარმოადგენს რევოლვერის ჩარჩოს მთელს სიგრძეზე ზევიდან არსებული ღარი, რომელიც სიგანეში 2,2მილიმეტრია., ხოლო წინა სამიზნე მოწყობილობის სისქე 1,9მილიმეტრს შეადგენს. წინა სამიზნე ლულის ცხვირზე დამაგრებულია მერცხლის კუდის ტიპის სამაგრით.
რევოლვერის ტარის ლოყები დამზადებულია ხისგან და დაფარულია ლაკით. ლოყების დამაგრება ტარზე ხდება პატარა ჭანჭიკების მეშვეობით.
დოლურას ღერძი ასრულებს აგრეთვე მასრების ექსტრაქტორის ფუნქციას. მხოლოდ ექსტრაქცია არ ხდება ერთდროულად. აღნიშნული ღერძის მოხსნის შემდეგ, დოლურა ძვრება ჩარჩოს და სათითაოდ ხდება მასრების ხელით ექსტრაქცია (ამოგდება) ღერძის დახმარებით.
 
უსაფრთხოება
რევოლვერს არ გააჩნდა ცალკე მცველის ბერკეტი, თუმცა შესაძლებელი მისი უსაფრთხოდ ტარება, თუკი მფლობელი შეასრულებს შემდეგ ოპერაციას: - ვაზნებით დამუხტული დოლურის შემთხვევაში, ჩახმახის საცემი თავი მიდებულია წრიული აალების ვაზნის კუთხეზე (იქ სადაც იმყოფება მაალებელი), ამიტომ საჭიროა დოლურა ოდნავ გადავაბრუნოთ საათის ისრის საწინააღმდეგოდ. გადაბრუნებისას გავიგონებთ პატარა ჩხაკუნს, რაც იმას მაუწყებელია, რომ ჩახმახის ბოლოში არსებული ნემსა მოექცა უსაფრთხო ადგილას ორ ვაზნას შორის. ამ შემთხვევაში შესაძლებელია მისი უსაფრთხო ტარება. გასროლა კი შეგვიძლია მოვახდინოთ, როგორც პირდაპირ სასხლეტზე თითის დაჭერით (თვითშეყენებით), აგრეთვე მისი წინასწარ ხელით შემართვით (შეყენებით).
რევოლვერზე და მის დეტალებზე არ ხდებოდა არანაირი მარკირების ან დამღების დატანა.
რევოლვერის გაშავება ხდებოდა ქარხნული ოქსიდირების მეთოდით, თუმცა ზევით სურათებზე მოცემული რევოლვერის დაფარვა მთლიანად გადახეხილია, რადგანაც იგი უკანონოდ ინახებოდა ერთერთი ყაჩაღის ხელში, რომელმაც უკრაინის ქალაქ სუხოდოლსკში (Суходо́льск) დააყაჩაღა მაღაზია. სწორედ მისი დაკავებისას იქნა ამოღებული ფოტოებზე მოყვანილი რევოლვერი. სავარაუდოდ არასათანადო პირობებში შენახვის გამო რევოლვერი დაჟანგდა და მფლბელმა „შკურკით“ გააპრიალა.
ომის პერიოდში დამზადებული .22LR ვაზნაზე გათვლილი რევოლვერ "Заря"-ს მახასიათებლები:
რიგი წყაროების თანახმად 1996 წელს ქარხანამ სერიულ წარმოებაში ჩაუშვა რევოლვერები, რომლებიც აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიცრებისათვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის იყო განკუთვნილი. რევოლვერებს მიენიჭა სახელწოდება “Заряа” და მისი მოკლელულიან ვარიანტს “Заря К”, რომლებიც მწარმოებლის ინფორმაციით გამოვიდა ორი სახის ვაზნაზე 9х18 მაკაროვი (ПМ) და 9х17 ბრაუნინგი მოკლე (ეგრედ წოდებული „კურცი“). 9მმ-ანი რევოლვერები კონსტრუქციულად არ განსხვავდებოდა მათი წინამორბედი .22LR ვაზნაზე გათვლილი მოდელისგან, ხოლო ტაქტიკურ ტექნიკური მახასიათებლები იყო შემდეგი სახის:
 
9მმ-ანი რევოლვერები "Заря"
 
რევოლვერების სხვადასხვა პარტია გარეგნულად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან ფორმებით, რადგანაც მუდმივად ხდებოდა მათი წარმოების ტექნოლოგიის შეცვლა. შესაბამისად იცლებოდა დოლურას გარეგანი იერსახე, სასხლეტი კავის დამცავი რგოლის და ლულის მოყვანილობაც, თუმცა საერთო ჯამში კონსტრუქციულად რევოლვერი არ იცვლებოდა.
დამზადებულ იქნა აგრეთვე პირველი მცირეკალიბრიანი .22LR ვაზნაზე გათვლილი რევოლვერის ვარიანტი 100 მმ-ანი სიგრძის ლულით, რომელიც ოდნავ განსხვავდებოდა აფხაზეთის ომის დროს დამზადებული რევოლვერებისაგან. აღნიშნულ რევოლვერს მიენიჭა სახელწოდება “Заря М”.
სხვადასხვა კალიბრის და ვიზუალის მქონე აფხაზური რევოლვერები "Заря"
 
სახელწოდების ბოლოში დამატებული ასოებით შესაძლებელია ვივარაუდო, რომ მათი განმარტება შემდეგნაირია:
·        Заря К“ – Короткий (რადგანაც გააჩნია მოკლე 45 სმ-ანი ლულა)
·        „Заря М“ – Малокалиберный (რადგანაც გათვლილია მცირეკალიბრიან .22LR ვაზნაზე)
ქარხანაში შეიქმნა აგრეთვე, რევოლვერები, რომელთაც გააჩნდათ გვერდით გადასახსნელი დოლურა, თუმცა კონსტრუქციული სირთულის და ძვირადღირებულების გამო მათ წარმოებაზე უარი განაცხადეს.

ვის შეიარაღებაში ხვდებოდა აფხაზური რევოლვერები?
2002 წელს ჟურნალ “Солдат Удачи”-ს № 12 [99] ნომერში გამოქვეყნდა პატარა სტატია, რომელში მოცემული  ინფორმაცით, რევოლვერებს ურიგებდნენ იმ პირებს, ვისაც ეკუთვნოდად საშტატო-სამსახურეობრივი მოკლელულიანი იარაღის ტარება. აგრეთვე რევოლვერები Заря საჩუქრის სახით გადაეცემოდათ სოხუმის სამხედრო სასწავლებლის ლეიტენანტებს, რომლებიც წარჩინებით დაამთავრებდნენ სწავლებას. რევოლვერისათვის განკუთვნლი შალითა (კაბურა), არ იკერებოდა აფხაზეთში, ამიტომ მფლობელები იღებდნენ მაკაროვის პისტოლეტის შალითას და კუსტარულად ახდენდნენ მის გადაკეთებას, ისე რომ მასში თავსდებოდა რევოლვერი „Заря და 16 ცალი მაკაროვის სათადარიგო ვაზნა. ამავე სტატიაში ქარხნის დირექტორი ვახტანგ ხარჩილავა, აღნიშნავს, რომ რევოლვერი შეიარაღებაში აქვთ აფხაზეთის სამართალდამცავებს და სამხედრო ოფიცრებს, თუმცა მას არ გაუვლია ოფიციალური სერტიფიკაცია, რადგანაც საცდელი სროლებისათვის ყოველთვიურად გამოყოფილია 10-15 ცალი მაკაროვის ვაზნა, რაც არ არის საკმარისი რევოლვერის საფუძვლიანი გამოცდებისათვის.
სხვათაშორის 2002 წელს ჟურნალ “Солдат Удачи”-ს 12 [99] ნომერში გამოქვეყნებული სტატია არის პირველი წყარო სადაც ოფიციალურად გამოჩნდა აფხაზური რევოლვერი „Заря.
2002 წელს ჟურნალ “Солдат Удачи”-ს 12 [99] ნომერში გამოქვეყნებული 9х18 მმ-ან მაკაროვის ვაზნაზე გათვლილი რევოლვერ "Заря"-ს ფოტოსურათი.

არსებობს ერთი ლეგენდაც, რომლის თანახმად, ქარხნის დირექტორმა ვახტანგ ხარჩილავამ, რევოლვერი “Заря” საჩუქრად გადასცა რუსეთის პოლარული სადგურის  წევრს, არტურ ჩილინგაროვს. 2003 წელს პოლარული სადგურის ”Северный Полюс-32”-ის გახსნის ცერემონიალზე უნდა განეხორციელებინათ საზეიმო გასროლა. ცივი კლიმატური პირობების გამო სადგურზე არსებულმა ყველა იარაღმა მისცა ეგრედწოდებული „ასეჩკა“, ხოლო არტურ ჩილინგაროვის „Заря“-მ პირველივე ცდაზე გაისროლა.
რამოდენიმე საინტერესო ფაქტი ფაბრიკა „Заря“-დან
რამდენადაც ცნობილია ქარხანაში შეიქმნა 12,7მმ-ანი სნაიპერული შაშხანა და სამართალდამცავი ორგანოებისათვის თვითდამტენი საარმიო პისტოლეტი, რომელიც ცნობილია სახელწოდებით „Апсны“.  სამწუხაროდ აღნიშნული პისტოლეტის შესახებ ინფორმაციის მოძიება  ვერ შევძელი, რადგანაც არსად არაა მასზე ცნობები და არც ფოტოსურათი. ერთერთ ინტერვიუში ქარხნის დირექტორმა ვახტანგ ხარჩილავამ აღნიშნა, რომ პისტოლეტი „Апсны“ საიმედოობით არ ჩამოუვარდება მაკაროვის პისტოლეტს (ПМ) და რიგი პარამეტრებით ჯობია კიდევაც მას. აქვე ჩვენი ბლოგის მკითხველთან მექნება თხოვნა, თუკი გსმენიათ რაიმე პისტოლეტ „Апсны“-ს შესახებ და მომაწოდებთ ინფორმაციას დიდად მოხარული ვიქნები.
დასკვნა
საერთო ჯამში რა შეიძლება ითქვას აფხაზურ რევოლვერებზე. ეს არის გარკვეულწილად ომის დროს შექმნილ ერზაც კატეგორიის იარაღი, რომელიც არ გამოირჩევა არც სილამაზით, არც დამზადების ხარისხით და სავარაუდოდ არც საიმედოობით. გარდა ამისა მაკაროვის 9მმ-ანი ვაზნაც არაა შექმნილი რევოლვერისთვის. მსმენია შემთხვევეი, როდესაც აღნიშნული ვაზნის რევოლვერში გამოყენებისას მასრა ისე იბერება დოლურაში, რომ შეუძლებელია დამხმარე საშუალებების გარეშე მისი ექსტრაქცია. მე პირადად არ გამოვიყენებდი მას როგორც თავდაცვით იარაღს, თუმცა ვიქონიებდი, როგორც ნივთს და ქმნილებას იმ ომისა რასაც საქართველო-აფხაზეთის ომი ჰქვია.

1 comment: